...

წვიმამ მკვდარი ასფალტი გადარეცხა, ასეთ დროს ხვდები რომ შენგან რაღაც მიდის, ჰაერი ნაცრისფერი თბილი სურნელით დამძიმდა, ირგვლივ უფერო შენობები და უსიცოცხლო მოასფალტებული მიწაა. რაღაც გამოიწოვება შენი სხულიდან რაღაც რაც მომავალში დაგჭირდება. მალე მზე გამოჩნდება და ყველაფერი ისევ ისე გახმება. დაიწყება გამოსხივება. მთელი დღე აქ უნდა გაატარო. ახლა ამას თამაში ქვია, მაგრამ მომავალში ეს აუცილებლად გამოიღებს თავის შედეგს. შენგან რაღაც მიდის სიცოცხლისთვის აუცილებელი ჯერ ვერ ხვდები რა.

გარეთ ცივა, სახლში გათოშილი შედიხარ. გაზის ხმაურიანი ნათურით განათებულ ოთახში ერთადერთ გართობად მაგრად გაძღომა და ერთი კვირის განმავლობაში კარგად გადაღეჭილი Xakep - ის ახალი ნომრის ხელახლა გადაკითხვა რჩება. ხანდახან იცინი, რეალობას, რომლის ჩარჩოშიც ხარ ჩაჭედილი პირველი ბზარები უჩნდება. სისხლი კანაბოიდებს დააცურებს კაპილარებში. ყველი გემრიელია, პური გემრიელია. ბოლო ორი თვეა იუმორისტულ რუბრიკაში ერეგირებულ კოსმოსზეა საუბარი. თითქოს ვიღაც გიყვარს, მაგრამ ხვდები, რომ არაფერი გაგაჩნია. მას კი აქვს ნივთები: დედა საზღვარგარეთ, ფლეერი და პატარა სათამაშო ობობა. შეუძლია როცა უნდა ლუდი იყიდოს თავისთვისაც და მეგობრებისთვისაც, ამიტომ ბევრი მეგობარი ყავს. ვერასოდეს იფიქრებდი თუ შენი ჩაკეტილობით და უშნო მორცხვობით ვინმეს გააღიზიანებდი.

ხანდახან შუქი მოდის ამ დროს ფერად ეკრანზე სექსი აგრესია და ბედნიერება მოქნილად ცვლიან ერთმანეთს. ტელევიზორი კარგია. შენგან მიდის რაღაც სიცოცხლისთვის აუცილებელი და ჯერ ვერ ხვდები ეს რაა. უყურებ როგორ ისწორებენ თავისას ჰოლივუდში. მერე დიდი დრო დაჭირდება ამ ნაგავის თავიდან გამორეცხვას. მოცემული რეალობიდან გამომდინარე ხვდები, რომ არარაობა ხარ მითუმეტეს, როცა ვერც ცეკვავ და ვერც ისეთ პოზას იჭერ, რომ ვინმეს რამე ეგონო მაგალითად - გულგრილი, სოციო სექსუალური ვალდებულებისგან თავისუფალი ტიპი. გგონია იმალები მაგრამ გზატკეცილზე დგახარ სადაც ნებისმიერ ტრაილერს შეუძლია გადაგიაროს.

ტრაილერი არ იგვიანებს, გრძელიცაა და ბორბლებიც ბლომად აქვს. მთლიანად ბრტყელდები გაბრტყელებული ტიპები კი აღარ მოსწონთ ადამიანებს ვისაც მეგობრები ქვია, თუმცა ზოგიერთისთვის ასეთიც გამოდგები. ნელნელა სწავლობ ადამიანების გარჩევას და მათ სიყვარულს. ყველას ვერ შეიყვარებ, რადგან ამ დროს შენგან რაღაც სიცოცხლისთვის აუცილებელი მიდის და ჯერ ვერ ხვდები ეს რაა. უცებ გადაწყვეტ, რომ ”მორჩა!” ”კიბატონო მორჩა და მერე რა?” დაგყურებს უზარმაზარი თვალი ზეციდან და კითხვაც ყველამხრიდან გესმის ”რას გააკეთებ, შენ ხომ დიდმა ტრაილერმა გადაგიარა?”. გაბრტყელებული ცდილობ გაიგო ვინ მართავდა ამ ტრაილერს, ხელების ფათურით ძებნი სად ყრია შენი თვალები და ხვდები მარტო თვალები არაა საკმარისი იმისთვის, რომ სამყარო დაინახო. საკუთარ თავს ხელახლა აწყობ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმაოდ მისაღებად და მიმზიდველადაც კი გამოიყურები, მაინც გაწუხებს, რომ არიცი ვინაა ტრაილერის მძღოლი. ”ჩვეულებრივ ისინი უკან ბრუნდებიან და კიდევ და კიდევ აბრტყელებენ თავიანთ მსხვერპლს” ამბობს ისევ თვალი. ორმაგად გიმართლებს ერთიც: ტრაილერის მძღოლი დაიკარგა. მეორე: სხვა დროისთვის საკუთარი თავის აწყობას შეძლებ.

ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩინე, რომ რაღაც მნიშვნელოვანმა, იმან რაც სიცოცხლისთვის აუცილებელია საბოლოოდ დაგტოვა. მადლობა ღმერთს მისი სულ ბოლო ნაწილი საკუთარი ნებით დათმე. ახლა ცდილობ ხელებზე დაიხედო ხელები მომუშტული გაქვს, შლი - ისინი ცარიელია. შენგან წავიდა უკანასკნელი სურვილები. მარტო საკუთარი თავის დაშლით და აწყობით გართობის უნარი შეგრჩა. რთულდება სქემები და იზრდება ცნობისმოყვარეობა. როგორი იქნები მომდევნო წლის ზაფხულზე:

ვინ იქნება შენს ირგვლივ?
რას გააკეთებ?
რისი უნარი გექნება?
რას დაიჯერებ?
რა იქნება შენი სახელი?

ახლა უკვე სულერთია წინ კლავიატურა გიდევს და მონაცემები შეგყავს, არაფერს ითხოვ, პირიქით თვითონ გინდა ვინმეს გამოადგე. ოღონდ ეგაა გასაცემი აღარაფერი დაგრჩა. მარტო რუკები, სქემები ინსტრუქციები. დროებით მოიწყინე რადგან სქემების სამყარო ნაცრისფერია. თუმცა ამაღელვებელია ის, რომ სქემები მუშაობენ და შედეგებამდე მიდიან. იმის აღმოჩენა, რომ ადამიანები არ არიან ცოცხალი არსებები ცოტა ხნით გთრგუნავს, და რადგან შენში აღარაფერი დარჩა გასაცემი რატმღაც გგონია, რომ თამაში დამთავრდა.

და უცებ

ხვდები რომ შეიძლება ისევ გაივსო, თუ წარმოიდგენ ატომის ბირთვში როგორ თამაშობენ პროტონები და ნეიტრონები, როგორ მოძრაობებს აკეთებენ რადიაქტიული დამწვრობით შეწუხებული იაპონელი ბავშვები. რა დაემართება პლანეტას თუ... და ასე შემდეგ.


წვიმამ მკვდარი ასფალტი ისევ გადარეცხა და ხვდები რომ შენგან რაღაც მიდის, ჰაერი ნაცრისფერი თბილი სურნელით დამძიმდა, ირგვლივ უფერო შენობები და უსიცოცხლო მოასფალტებული მიწაა. რაღაც გამოიწოვება შენი სხულიდან რაღაც რაც მომავალში დაგჭირდება. მალე მზე გამოჩნდება და ყველაფერი ისევ ისე გახმება. დაიწყება გამოსხივება. მთელი დღე აქ უნდა გაატარო. ახლა ამას თამაში ქვია, მაგრამ მომავალში ეს აუცილებლად გამოიღებს თავის შედეგს. შენგან რაღაც მიდის სიცოცხლისთვის აუცილებელი ჯერ ვერ ხვდები რა.

0 Responses to '...'

Post a Comment