ჩვენ გვიზიდავს მუსიკა, არა როგორც ასეთი, არამედ წვდომა ინფორმაციასთან და მის გავრცელებასთან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კაცობრიობაში მიმდინარე ომი - საერთოდ თუ შეიძლება ასეთ ომზე საუბარი - ესაა ომი ინფორმაციისთვის”
Genesis P-Orridge

მედია ინერცია

Kung Fu Junkie-ს რამდენიმე ინტერვიუს ანალიზის შედეგად ჩანს, რომ რესპოდენტს და ჟურნალისტს შორის ინფორმაციული კავშირი სიმბოლურია, მათ შორის არ მიმდინარეობს ნამდვილი ურთიერთობა ან იგი წყდება იმ მომენტში, როცა ჯგუფი პასუხობს ”KFJ-არაა მუსიკალური პროექტი” ან ”ჩვენ უფრო თავისუფალი ვართ, ვიდრე მუსიკა და მუსიკალური ჟანრი”. მსგავსი პასუხების შემდეგაც მედია ჯიუტად განაგრძობს მათთან ურთიერთობას, როგორც მუსიკალურ პროექტთან და ეკითხება: ”როგორ გაიცანით ერთმანეთი”, ”როდის ჩამოყალიბდა ჯგუფი” და ა.შ.

დღეს შეუძლებელია ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გაგება ცნობიერების კლასიკური მდგომარეობით (თუ საერთოდ არსებობს ასეთი მდგომარეობა). ცნობიერების შეცვლის მიზანმიმართული მეთოდები კი არ შედიან სოციალური ნორმების ჩამონათვალში. თუ ვინმე მსხვილი ინსტიტუტისაგან დამოუკიდებლად ატარებს ექსპერიმენტს ცნობიერების გაფართოების(დეკონსტრუქციის ან რეკონსტრუქციის) მიზნით და აღწევს კონკრეტულ შედეგს, ხდება მის მიერ მიღწეულის იგნორირება. მისი მეთოდები არის ა რ ა მ ხ ო ლ ო დ ”დანაშაულებრივი, არასწორი, უცნაური, არასერიოზული” და ა. შ. არამედ აკრძალულია ამ შედეგების დანახვა და მათი შემოტანა დომინანტ რეალობაში, როგორც არსებულის, თუნდაც კრიტიკის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ KFJ-სთან დაკავშირებული ინფორმაცია ძალიან მიმზიდველი, არაერთმნიშვნელოვანი და საინტერსოა, მედია არ ცდილობს იმპროვიზებას ისეთი შაბლონებისა, რომელიც მას გამოავლენს.

ისეთი შეკითხვები, რომლებიც შედარებით ნათელს გახდის KFJ-ს კონცეფციას, მედია ჯარისკაცებს თავში არ მოდით. ეს განპირობებულია მათი ცნობიერების მდგომარეობით. მსგავსი მდგომარეობა ავტომატურად იცავს საკუთარ რეალობას, ცდილობს რა დააიგნოროს მთავარი - ჯგუფის მიერ გამართულ ღონისძიებებზე გამოწვეული ეფექტის ხელოვნური მიზეზი. KFJ-ს პასუხებს ისინი არ შეჰყავს ისეთ მდგომარეობაში, როცა შესაძლებელი იქნება დაისვას კითხვები: ”რას ნიშნავს უფრო ფილოსოფიური, ვიდრე - მუსიკალური?” ან ”ფიქრობთ, რომ თქვენს კონცერტებზე ხალხი მხოლოდ მუსიკის მოსასმენად არ მოდის?” ჯერჯერობით მედია ქვეცნობიერად ეწინააღმდეგება იმის დემონსტრირებას, რომ KFJ-ს კონცეფცია შეიძლება იყოს რამე ახალი ან რთული. ”ურთიერთსაწინააღმდეგო იდეების შერწყმა”, ”კულტურის იარაღების აღება და რევოლუციის მოწყობა”, ”კულტურის საფლავებზე ცეკვა” და ა.შ. უკეთესი იქნება თუ ქართველი ტელემაყურებელი იგრძნობს, რომ მსგავს თემებზე საუბარი არ შეიძლება შედიოდეს ”მუსიკალური ჯგუფის” კომპეტენციაში. მითუმეტეს, როცა თვითონ ჯგუფის წევრები არ ცდილობენ თავიანთი ცხოვრების წესის მომაბეზრებელ პროპაგანდას. როგორც ამბობს ზურა ჯიშკარიანი - ”მინიმუმ - აზრი, მაქსიმუმ - ძუძუები”.

კიბერ რიტუალი

”...საგანმანათლებლო ცირკი. არალეგალური კოსმონავტიკა. ბირთვული განთიადები, ქაოსის თეორია და პორნო ინდუსტრია. მინიმუმ აზრი - მაქსიმუმ ძუძუები”*. - მსგავსი ფრაზების ფორმულირებისათვის საჭიროა გარკვეული შინაგანი მდგომარეობა, როგორც ცნობილია ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსის სიტყვების გადაბმა ლოგიკური, მიზეზ-შედეგობრივი კავშირით, დროებით წყვეტს ტვინის ერთ-ერთი ნახევარსფეროს დომინირებას. ჯგუფის სახელი და ის თუ როგორ განმარტავენ მას თვითონ ჯგუფის წევრები, სრულად შეესაბამება მათი მოქმედების სტრუქტურას და ცხოვრების წესს. ”Kung Fu Junkie ეს უფრო life style-ია”-ამბობს გრინჩი. ეს სტრუქტურა ერთგულად მეორდება მათ ქცევებში და გამონათქვამებში. სავარაუდოდ, საკუთარი სურვილების კვლევისადმი ასეთი ერთგულება განაპირობებს მსმენელის ერთგულებასაც. ლოგიკური პარადოქსების გააზრებისთვის საჭიროა ერთნაირად იმუშაოს ტვინის ორივე ნახევარსფერომ. მათი თანაბრად მუშაობა კი იწვევს ცნობიერების გადასვლას არაჩვეულ, სხვა მდგომარეობაში, ტვინი იძულებული ხდება, აღმოაჩინოს რაღაც ახალი. დომინანტმა ნახევარსფერომ რომ დაიბრუნოს დომინირება, ადამიანმა უნდა გააკეთოს დასკვნა, რომ წინადადების შინაარსს ”მიხვდა”.
- ”სწორედ ურთიერთსაწინააღმდეგო იდეების შერწყმით ჩვენ გვინდა ჩვენი კულტურა ვაკეთოთ” - ამბობენ ისინი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ძნელი იქნება იმის დამტკიცება, რომ KFJ-ს შინაარსი ან მისი გავლენა სტრატეგიულადაა დაგეგმილი ან მათ მუსიკაზე მოცეკვავე ხალხი კარგად ერკვევა ნეირო პოლიტიკაში, რეალობის შექმნისა და განადგურების საკითხებში, მაგრამ ფაქტი ერთია KFJ - ამ მიმართულებით აზროვნებს, ცნობიერების საკითხი მათი ერთ-ერთი საყვარელი თემაა, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის ურთიერთობა. ასევე ამ ურთიერთობებში მონაწილე ნივთირება-აგენტები, კიბერ არტეფაქტები, ბიოლოგიური კომპიუტერების პროგრამირება, რობოტიკა და მაღალი ტექნოლოგიები, როგორღაც ეს ყველაფერი ნაწილობრივ რეალურად, ნაწილობრივ იდეის სახით მათ სცენაზე იმყოფება. KFJ-ში არის კიდევ რაღაც მუსიკის გარდა. ღონისძიებებზე მისული ხალხიც არაა მხოლოდ მსმენელი. აქ თავს მოიყრის ყველა, ვინც თნახმაა, ქვეცნობიერად ელოდება ან გაცნობიერებულად ცდილობს შეწყდეს იმის დომინირება, რაც დომინირებს როგორც გარდაუვალი რეალობა ან სოციალურ-კულტურული ვალდებულება.

ალტერნატიული კომუნიკაცია(...კეისარს კეისრის და ჯანქს ჯანქის)

საინტერესოა, რამდენად იმედისმომცემია ახალი ენის კეთება კორპორაციული სიმბოლოებით ისედაც გადატვირთულ ეპოქაში, რა მნიშვნელობა ექნება მას და რა შინაარსისაა მის შექმნასთან დაკავშირებული იმედები ან უიმედობა. ვინ ან რა ჩაანაცვლებს მომავალში ადამიანებს. როგორ გაანადგურებენ ისინი კულტურას - უცაბედი აფეთქებებით თუ მშვიდი დაშლით. ჰიპერ გარყვნილებით და კულტურული ნორმების დემონსტრაციული უარყოფით, თუ განდეგილის ცხოვრებით პერსონალურ კომპიუტერებთან. რამდენად საჭიროა მისი არსებობა, მისი შექმნა ან ამ ენაზე ურთიერთობა. რამდენად აცნობიერებს მის არსებობას ის, ვისაც ძალიან სჭირდება, რომ ამ ენით დაელაპარაკონ.

თუ დომინანტი რეალობა არ იძლევა გარკვეული იდეებისთვის არსებობის სანქციას, მათ, ვისაც ეს იდეები სჭირდება, უმჯობესია ეძებოს შემცვლელი იმ სიმბოლური სისტემებისა, რომელზეც ეს რეალობა დგას. ამის პარალელურად KFJ თვითონ ქმნის დომინანტ რეალობაში საკუთარი სუბიექტივიზაციისთვის საჭირო ბმულებს, იარლიყებს და ღიად სთავაზობს მათ მედიას, ამ იარლიყების შინაარსი კი ეყრდნობა დომინანტი რეალობისთვის მიუღებელ ჯანქურ მდგომარეობას. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთია: ცეკვისადმი მოწოდება საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად. ზოგიერთი მოცეკვავისთვის ეს შეიძლება იყოს გართობისკენ მოწოდების მსუბუქი ფორმა, მეორე მხრივ, თქვენ გაოცდებით რამდენად პირდაპირი შეიძლება აღმოჩნდეს - Dance or die - ამ სიტყვების მნიშვნელობა უშუალოდ კონცერტზე ჯანქურ მდგომარეობაში. ზოგადად კი ეს ყველაფერი ეჭვქვეშ აყენებს კულტურის სიმბოლურ საფუძველს, რომელზეც დგას და საცოდავად მერყეობს საქართველო. ალბათ, Kung Fu Junkie-ს განზრახული აქვს, მას ფინალური გამანადგურებელი დარტყმა მიაყენოს. ალბათ, ხალხი, ვისაც უნდა, რომ მერყეობა დასრულდეს, დომინანტი მედიისაგან დამოუკიდებლად ალტერნატიულ ენაზე იღებს შეტყობინებებს ამის შესახებ და მოდის, რომ იხილოს ეს დარტყმა და იცეკვოს, იცეკვოს, იცეკვოს...

----------

”...საგანმანათლებლო ცირკი. არალეგალური კოსმონავტიკა. ბირთვული განთიადები, ქაოსის თეორია და პორნო ინდუსტრია. მინიმუმ აზრი - მაქსიმუმ ძუძუები”* - თუ ვინმეს გაინტერესებთ რა კავშირი აქვს ამ სიტყვებს Kung Fu Junkie-სთან ისარგებლეთ გუგლით

2 Responses to 'Kung Fu Junkie'

  1. Singularity said...
    https://rel0ad.blogspot.com/2011/12/kung-fu-junkie.html?showComment=1323515129856#c7824537306250296689'> December 10, 2011 at 3:05 AM

    გაცნობიერებულად ცდილობს შეწყდეს იმის დომინირება, რაც დომინირებს როგორც გარდაუვალი რეალობა ან სოციალურ-კულტურული ვალდებულება.
    :))))))

     

  2. White Rabbit said...
    https://rel0ad.blogspot.com/2011/12/kung-fu-junkie.html?showComment=1324618049086#c5695388647429694924'> December 22, 2011 at 9:27 PM

    რა მაგარია რო ასეთ დროს ასეთ ქვეყანაში არიან და პროტესტის ხელოვნებას ქმნიან.

     

Post a Comment