- დედა ჩაი დაადგი?
- მოიცადე ყველაფერს თავის დრო აქვს
- მე დავადგამ თუ არ გცალია
- ახალგაზრდა ღმერთები ყოველთვის მოუთმენლად იქცევით. - თქვა დედამ და სამზარეულოში სინათლე ჩართო. ღარიბული ოთახი არაჯანმრთელმა ყვითელმა შუქმა შთანთქა.
მას დაავიწყდა, უფრო სწორად გამორჩა, როდის გადაეჩვია საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან ფანჯარაში ცქერას. გაქრა ის აღფრთოვანება, რომელსაც იწვევდა ავტობუსთან ჩაქროლებული სხვადასხვა სიმაღლის და ფერის სახლები, მაღალი ხეები, ქუჩაში მიმავალი ხალხი.
- ნეტა როგორი ამინდია? - იკითხა მან და ფანჯარასთან მდგარი გაზქურა აანთო.
დილა იწყებოდა. ყვითელ ოთახში ფანჯარა მუქად ჩალურჯებულიყო. თენდებოდა, მაგრამ ღამე ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებდა. დღე სტარტს იღებდა მოქმედებისთვის, რომელსაც ქონდა თავის მიზეზი და შესაბამისად ექნებოდა შედეგიც. ღამე მოთმინებით თმობდა პოზიციებს და გამჭვირვალედ მიანიშნებდა ამ ყველაფრის უაზრობაზე, თითქოს ამბობდა „კი ბატონო მე წავალ სამაგიეროდ საღამოს დავაგემოვნებ თქვენს ნამოქმედარს. ვნახოთ ერთი რას გამოაცხობთ“
იგი ფანჯარასთან იდგა თვალის გუგები გაფართოვებოდა და ელოდა სიბნელე როდის შესუსტდებოდა იმდენად, რომ შორს მიტოვებული კირის ქარხანა დაენახა. შენობა ბავშვობიდან ახდენდა მასზე დიდ შთაბეჭდილებას. ხშირად უფიქრია: ალბათ ასეთია კოსმოსური ხომალდი ან კოსმოსური სადგური. სულერთია ოღონდ ეს იყო დიდებული სიმწვანის ფონზე წამომართული გრანდიოზული შენობა, ადამიანური შრომის და დღეს უკვე ადამიანური უაზრობის სიმბოლო. თუმცა მას მაინც დაკრავდა რაღაც არაბუნებრივის და არამიწიერის ელფერი.


ღამე აუჩქარებლად ტოვებდა სცენას. იგი გაზქურაზე დადგმულ წყალს მიუბრუნდა და იგრძნო რაღაც აღმოჩენას უახლოვდებოდა: ბუნებრივია, ვიდრე წყალი ადუღდება ფანჯარასთან უნდა იდგე და ფიქრობდე - გარკვეულ სუბიექტურ სივრცეში ათასი ხარახურა უნდა ატრიალო შესაძლებელია სიტყვა „მე“-ს ირგვლივ ან ვინ იცის... მოკლედ ეს შენი ნებაა. ჩვენ ვიწყებთ რამე საქმიანობას, ვადგამთ წყალს და ველოდებით ნიშნებს, რომლებიც მიანიშნებენ თუ როდის უნდა გამორთო გაზქურა და წყალში ჩაის გამხმარი ფოთლები ჩაყარო. იქნებ ზუსტად ასე, ერთ მშვენიერ დღეს ვიღაცამ მოათავსა დედამიწა იქ სადაც მოათავსა და ელოდება, როდის გახდება თვალსაჩინო გარკვეული სიმპტომები. მის ზედაპირზე გაჩნდება წყალი და ღრუბლები...
... ჭურჭლის კედლები, რომელშიც წყალი ესხა ჰაერის ბუშტუკებმა დაფარა...
... მოგვიანებით პირამიდები, ჩინეთის კედელი, კრემლი, პენტაგონი...
... წყლის ზედაპირი ამოძრავდა ბუშტუკები კანტიკუნტად წყდებიან კედლებს...
... დედამიწის ირგვლივ ხელოვნური თანამგზავრები იწყებენ ფრენას, მის ზედაპირზე აქა იქ იშვიათად ციმციმებენ ბირთვული სოკოები...
... ბუშტუკები იზრდებიან და უფრო ინტენსიურად მიემართებიან წყლის ზედაპირისკენ...
... ბირთვული სოკოები უფრო და უფრო ხშირად ანათებენ და დედამიწის ზეაპირს ლამაზად უცვლიან ფერებს...
... წყალი მზადაა. იგი დუღს. ყველა სიმპტომი, რომელიც მის მზადყოფნაზე მიანიშნებს სახეზეა.
მან წყალი გადადგა მუჭით ჩაი ჩაყარა და ისევ ფანჯარაში გაიხედა. დღე ზეიმობდა, მიტოვებული კირის ქარხანა მთელი თავისი დიდებულებით წარმოეჩინა მზეს.
- შენც დაგისხა? - მიმართა მან დედას
- დამისხი თუ არ გეზარება. დღეს ადრე მიდიხარ, ალბათ დაგიბარეს, საქმე გაქვს. - დედამ იცოდა, რომ იგი ადრე ადგომას ვერ იტანდა.

1 Response to 'დილა'

  1. Next said...
    https://rel0ad.blogspot.com/2010/01/blog-post.html?showComment=1264125987819#c7554726338752085164'> January 21, 2010 at 6:06 PM

    great text! respect

     

Post a Comment