აქ ნათქვამია ყველაფერი ნათლად
ამაოა კითხვა სტრიქონებს შორის
არ დაძაბოთ თვალები
მე ხომ წესრიგი მჭირდება
არც ნაკლები არც მეტი
არც სამყარო როგორიც ის არის
არც ის თუ როგორი უნდა გახდეს
მხოლოდ სიზუსტე
სიმართლის საყრდენი
მე არ ვიყენებ ბოროტად გრძნობებს
ფარული აზრით არ ვთამაშობ
არ ვუხმობ დიდი ხნის დავიწყებული
რწმენების აჩრდილს
ყველაფერ ამას დავუტოვებ წინასწარმეტყველს,
ჰიპნოზიორს, თერაპევტს და მისიონერს
ისინი ჩემს შემდეგ მოვლენ
ჩემს მცირედ ნათქვამს გამოიყენებენ
და მახეებს დააგებენ მათთვის
ვისაც არ სჭირდება
მარტოხელა
სიმართლის
საყრდენი

გრეგორი ბეიტსონი - "ადგილი სადაც ეშინია ანგელოზებს"

საქართველოში სუბიექტური ფაქტორი იგნორირებულია. წლების განმავლობაში ადამიანები მიეჩვივნენ რეალობის მართვის გამზადებულ ფორმულებს. გადარჩენის ერთადერთ საშუალებად მორჩილება ითვლებოდა. შიში უფრო ადვილად მოიცავს მასას, ვიდრე გამბედაობა. ერთად ყოფნის, ერთობის ინსტიქტიც უსაფრთხოებასთან და გადარჩენასთანაა დაკავშირებული. ამ პირობებში საჭიროა გჯეროდეს ის რაც ყველას სჯერა. ასე მიიღება პრივილეგირებული რეალობა.

მიუხედავად პრივილეგირებული რეალობის მიერ მიღწეული საშინელი შედეგებისა ეს რეალობა ყველა საშუალებით ცდილობს საკუთარი თავის გამართლებას. ამაში მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის უამრავი მოქალაქე. ეს ადამიანები ცდილობენ შექმნან ისეთი რეალობა რომელიც პასუხისმგებელი იქნება ნებისმიერ შედეგზე. მთავარია შენარჩუნებულ იქნას რეალობის ტოტალური შეგრძნება, ხოლო მიღებული სურათი - დანაგავებული ქუჩები, ჯოჯოხეთური პიროვნებებსშორის ურთიერთობები, ანტისანიტარია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ქაოსური სავაჭრო ობიექტები(ბაზრობები) მეორეხარისხოვანია ეს სათვალავში არ მიიღება. მთავარია იყოს ერთი რეალობა!

თქვენ ალბათ გაგიგონიათ, რომ რეალობის აღწერისას საჭიროა ობიექტურობა. სოციალურად მოშინაურებულ ადამიანთა უმრავლესობა საჭიროებს მზა სუფთა რეალობას. ყოველგვარი ქვეტექსტის და ფარული აზრის გარეშე. აქედან გამომდინარე ობიექტურობამ შეიძინა დადებითი და მოსაწონი პოზიციის სტატუსი.
სუბიექტივიზმი არანორმალურ ან უკეთეს შემთხვევაში არასერიოზულ-ბავშვურ პოზიციად ითვლება. ადამიანები მიეჩვივნენ სიტყვებით კვებას მათ აღარ აინტერესებთ ამ სიტყვების აზრი. აზრი, რომელიც საკუთარ სუბიექტურ სამყაროში უნდა ეძიონ. მათთვის მთავარია როგორ გაიმეორებენ დღეს დილით ტელევიზორში გაგონილ ხუმრობას ბირჟაზე, სამსახურში, ბარში და ა.შ.

სუბიექტური მიდგომა გამართლებულია არტ სფეროში. ეს სფერო კი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 93%-ს არ აინტერესებს ან ამისთვის არ სცალია, ხოლო ვისაც ეს აინტერესებს ან ამისთვის სცალია განზე აყენებს თავის თავს და შემოქმედებას იმ ყოველდღიურობისგან, რაც მის ირგვლივ ხდება. მისი სუბიექტივიზმი უკეთეს შემთხვევაში რაღაც მარაზმში გადადის, უარესში კი იგი ქმნის არტ-ავტორიტარულ სასტავს რომელიც თავის შიგნით მოიცავს ახალ ობიექტურ-ავტორიტარულ სისტემას.

1. ადამიანი ცხოვრობს პერსონალურ რეალობაში და არის მისი ავტორი
2. არ არსებობს აბსოლუტურად ობიექტური რეალობა, არსებობს ჯგუფში გაზიარებადი რეალობა.
3. ჯგუფი რომელიც თავის რეალობას განიხილავს როგორც ობიექტურს და ერთადერთს არის ქარიზმატული ჯგუფი. მასში აუცილებლადაა ლიდერი, რომელსაც ერთადერთს ეკუთვნის რეალობის კორექციის უფლება.

სუბიექტივიზმი საშუალებას იძლევა მოხდეს მუდმივად ცვალებადი რეალობის მოდელირება სიტყვების, სხვადასხვა გრაფიკული აღნიშვნების, გახმოვანებების, და იმ შეგრძნებების მეშვეობით, რომელიც მიმდინარეობს ადამიანის შიგნით და ეს პროცესი არაა გამორჩეულად სასცენო ან არტისტული პროცესი.
ყოველდღიურობისადმი, როგორც ხელოვნებისადმი მიდგომა საჭიროებს ყურადღების გარკვეული ტიპის განვითარებას. ყურადღების ეს ტიპი არის რ ე პ უ ტ ა ც ი ი ს კ ო ნ ტ რ ო ლ ი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რეპუტაცია აუცილებელი არაა იყოს სოციალურად მისაღები. საჭიროა მისი განსაზღვრის ალტერნატიული, მოძრავი, ცვალებადი გნებავთ მოქნილი კრიტერიუმი. ერთერთ მთავარ კრიტერიუმად შეიძლება განხილულ იქნას - რეპუტაციის სასარგებლობა შესაბამის კონტექსტში.
ყოველდღიურობისადმი, როგორც ხელოვნებისადმი მიდგომა და რეპუტაციის კონტროლი საჭიროებს სუბიექტური სამყაროს ისეთ აღწერას, რომელსაც ექნება პრაგმატულობის გარკვეული ხარისხი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით უმჯობესია სუბიექტური სამყაროს ის ნაწილი რომელიც, იმყოფება ერთი მოცემული სუბიექტის ეგოს საზღვრებში განიხილებოდეს როგორც ტერიტორია. ამ მიზეზით იგი შეიძენს სახელს - სუბიექტური ტერიტორია.
ცდილობს რა, იყოს არსებული სოციალური ქსოვილის ფუნქციონირებადი უჯრედი, ადამიანი იცავს საკუთარ სუბიექტურ ტერიტორიას ქცევითი და ენობრივი შაბლონებით. სუბიექტური ტერიტორიის საზღვრების დაცვის ამ პროცესს დიდიხანია საშინელი ინერცია აქვს აღებული. ის ამ ტერიტორიაზე ცვლილებების შეტანის ყველა გაცნობიერებულ შანსს ბლოკავს.
აკრძალულია იმ მცენარეული ან ფარმაცევტული საშუალების თავისუფალი გამოყენება, რომლებიც ეხმარებიან ადამიანებს გადასცდნენ ამ საზღვრებს. არსებობენ სუბიექტები, რომლებიც ხვდებინ, რომ იკრძალება არა უშუალოდ ნივთიერების გამოყენება არამედ პირადი სუბიექტური ტერიტორიის მოდელის გაცნობერებული და მიზანმიმართული რედაქტირება.
რეალობის ა რ ა ე რ თ ა დ ე რ თ ო ბ ი ს გაცნობიერების გზაზე გადადგმულ პირველ ნაბიჯებს თან ახლავს შიში, გარკვეული ემოციური დისკომფორტი და განსხვავებულობის კომპლექსი. ადამიანში ჩნდება აგრესია და გაბატონებული რეალობისადმი შეწინააღმდეგების სურვილი. ეს პროცესი თავს იჩენს მოზარდებში, რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ მშობლებს და მათთან ერთად მთელ სამყაროს არ უნდათ ისინი მიიღონ როგორც პ ი რ ო ვ ნ ე ბ ე ბ ი ანუ პერსონალური სუბიექტური ტერიტორიის ერთპიროვნული მმართველები.
საქართველოში ამ პრობლემის სიმწვავის ხარისხი მართლაც განსაკუთრებულია. პროტესტის ამ გრძნობას ადამიანი მიჰყავს თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ ამ გზაზე ისინი ხვდებიან ძალიან ბევრ პირობით აღნიშვნას, მიმზიდველ, ნათელ რეკლამას, და სხვადასხვა შემოთავაზებას. მათ შორისსაა საერთო სუბიექტურ სივრცეში ღრმად დამკვიდრებული მისაბაძი მამაკაცურ შოვინისტური არქეტიპები, ავტორიტეტები და მათი ხატები: წარმართულ როკენროლური, ქუჩის კრიმინალურ იერარქიული, რელიგიური, ასკეტური, პოლიტიკურ დომინანტური, ნაციონალურ ტრადიციად მონათლული ლოთურ-ჯიგრული და ა. შ.
ერთადერთი აუცილებელი რეალობის შეგრძნებისგან გათავისუფლებული სუბიექტი ადვილად შეიძლება მოხვდეს მომდევნო აუცილებელ რეალობაში. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა იმის ცოდნა, რომ რეალობა რომელშიც იმყოფები არის შენი სუბიეტური ტერიტორია. შენ ყოველთვის შეგეძლო და შეგიძლია მისი საზღვრების რედაქტირება შენი მიზნების, ყველაზე ღრმად დამარხული სურვილების, სიამოვნების და იდეალების შესაბამისად.

1. თვითონ სამყარო უზომოდ დიდია ვიდრე შენი ან სხვისი სუბიექტური ტერიტორია.
2. არაა აუცილებელი ვინმეს დაუპირისპირდე ან ახლოს მიეკრა შენთან მსგავსების ილუზორული იდეის გამო. სამყაროში ყველაფერია იმისთვის, რომ საკუთარი ნამდვილი ექსტაზი უზრუნველყო.
3. ხვდები რა უცხო რეალობაში, გამოიმუშავებ ახალ შაბლონებს. ამ რეალობაში რჩები მანამ, სანამ ახალი ქცევითი და სიტყვიერი შაბლონების ათვისება გსიამოვნებს. აუცილებლად დაიტოვე საკმარისი ენერგია საჭიროების შემთხვევაში ობიექტური რეალობისგან თავის დასაღწევად.

სუბიექტური ტერიტორია წარმოადგენს სიმბოლოთა გარკვეულ თანმიმდევრობას.

სუბიექტური ტერიტორიის შედგენისას სიმბოლოთა თანმიმდევრობა ლაგდება 5 ძირითად დონეზე.

1. პიროვნების იდენტიფიკაცია - მოდელირების ეს დონე ერთი მხრივ განსაზღვრავს მომდევნო 4 დონის ფორმას და მეორეს მხრივ მასში განზოგადებულია ყველა მათგანის შინაარსი. იგი გამოითქმის ერთი სიტყვით, ნომინალიზებული ტერმინით, რომლითაც აღინიშნება თუ ვ ი ნ არის სუბიექტური ტერიტოორის განმკარგავი.
2. წარმოდგენების და ვარაუდების სისტემა - წესების, აკრძალვების და დაშვებების სია. რომელიც სუბიექტურ ტერიტორიაზე ჩატვირთულია როგორც მემკვიდრეობითი, სოციალური პროგრამირების შედეგად, ასევე პირადი გამოცდილების შესაბამისი - ენობრივი განზოგადებითაც.
3. უნარები - პროგრამები რომლებიც შეიძლება აღმოჩნდეს სუბიექტურ ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც გაივლის წარმოდგენების და ვარაუდების სისტემის ცენზურას.
4. ქცევა - პროგრამები რომლებიც შეუფერხებლად მოქმედებენ და მიდიან გარკვულ შედეგამდე.
5. გარემო - კონტექსტი რომელიც იწვევს ამა თუ იმ ქცევის - პროგრამის გაშვებას ან დაბლოკვა დახურვას.

თითოეული ამ დონის პროგრამირებისას აუცილებლად გასათვალისწინებელია პროგრამისტის 3 შესაძლო პოზიცია

1. პოზიცია, როცა მოქმედებ საკუთარი იდენტიფიკაციის საზღვრებში, შეიგრძნობ საკუთარ სხეულს ხედავ საკუთარი თვალებით და გესმის საკუთარი ყურებით.
2. პოზიცია, როცა აღწერ სხვის(ან საკუთარი თავის ოღონდ გარე პოზიციიდან) მოქმედებას, ხედავ მის რეაქციებს, გესმის მისი ხმა, და ცდილობ იგრძნო ის, რასაც გრძნობს სხვა.
3. ნეიტრალური დამკვირვებლის პოზიცია, მეტა პოზიცია საიდანაც აკვირდები სხვათა ურთიერთდამოკიდებულებაში მიმდინარე პროცესის მიზეზებს და შედეგებს.

პირველი ემოციური დისკომფორტი თავს იჩენს, როცა სუბიექტურ ტერიტორიაზე იდენტიფიკაციის ფორმა ვერ უთავსდება გარემოს. მსგავსი რამ ხშირად ემართება მოზარდს, რომელიც უკვე შეუდგა საკუთარი სუბიექტური ტერიტორიის პროგრამირებას იდენტიფიკაციის დონეზე, მაგრამ მისი ახლებური კოდი არათავსებადია ოჯახის(მეტა-იდენტიფიკაციის) მიერ უზრუნველყოფილ გარემოსთან.

1. ნეიტრალური დამკვირვებლის პოზიციიდან ეს არის ორი იდენტიფიკაციის კონფლიქტი. განსხვავება ისაა რომ იდენტიფიკაცია-პიროვნებაში შედის ერთი ადამიანი და შეძლებისდაგვარად ესაა მისი პირველი ნაბიჯები საკუთარი სუბიექტური ტერიტორიის მართვის საქმეში, ხოლო იდენტიფიკაცია-ოჯახი წარმოადგენს ადამიანთა ჯგუფის როგორც ერთ პიროვნების მეტა-იდენტიფიკაციას, ასევე შეიძლება წარმოადგენდეს ჯგუფს "ხორციელი" ლიდერით რომელიც პასუხისმგებელია ჯგუფის შიგნით რეალობის შეგრძნებაზე. (ადამიანთა ჯგუფის როგორც ერთი პიროვნების განხილვა უფრო ადვილია, მესამე - ნეიტრალური დამკვირვებლის პოზიციიდან.)
2. კრიტიკული პოზიციიდან ეს ხშირად არის სწორი ან არასწორი აღზრდის, მოპყრობის და ა. შ. ანუ წარმოდგენების და ვარაუდების სისტემის პროგრამირების შედეგი.
3. პირველი პოზიციიდან ამ შემთხვევის განხილვა შეიძლება, თუ თქვენ წარმოადგენთ მოცემული სისტემის კონკრეტულ ნაწილს, ხართ აღმზრდელი მამა, რომელიც საკუთარ იდენტიფიკაციას აიგივებს ოჯახის რეალობასთან და რეპუტაციასთან, ან თავისუფლებისთვის მებრძოლი შვილი რომელიც უპირისპირდება ყველას და ყველაფერს რაც ხელს უშლის საკუთარი სუბიექტური ტერიტორიის სრულუფლებიან რედაქტორად გახდომაში.
ტრანზაქტული ანალიზი(ერთ-ერთი ფსიქოთერაპევტული სკოლა ამერიკაში) პირდაპირ ითვალისწინებს ადამიანის შიგნით 3 შესაბამისი პიროვნების არსებობას.

პიროვნება - ეგო, საბოლოო ჯამში არის მხოლოდ და მხოლოდ ლინგვისტური მოვლენა - სუბიექტური ტერიტორიის პროგრამირების ერთერთი დონე. ამ პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის პირველი დოზები სუბიექტური ტერიტორიის რუკაზე არის სერიოზული ფსიქო-ემოციური დისკომფორტის მიზეზი, ადამიანთა უმეტესობა უარს ამბობს ამ "საშინელების" გაცნობიერებაზე და თანახმაა შეასრულოს ნებისმიერი როლი რომლის შესრულებასაც მისგან ითხოვს გარემო. ოღონდაც ის ნუ იქნება დაკავებული იმ საპასუხისმგებლო საქმიანობით, რასაც მარტივად, რომ ვთქვათ პერსონალურ სუბიექტურ ტერიტორიაზე მეფობა ჰქვია. ადამიანთა მეორე ჯგუფი მიდის გარკვეულ რისკზე, ისინი ცდილობენ საკუთარი იდენტიფიკაციის და პიროვნების სოციალურ დე(რე)-პროგრამირებას, მიუხედვად იმისა, რომ ამ საქმიანობის პირველი პირობაა მიიღო "პიროვნება" როგორც ტერმინი და მეტი არაფერი. ასეთი მიდგომის შედეგად ადამიანთა მსგავსი ჯგუფი ქმნის იდენტიფიკაციის პროგრამირების ისეთ საშუალებებს, რომლებიც თანაბრად აკმაყოფილებენ პერსონალური სუბიექტური რუკის რედაქტორების "სულიერ" და სოციალურ მოთხოვნებს.

ასეთებია

მოგზაური
არალეგალური კოსმონავტი
დრიმჰაკერი
კიბერ მაგი
კიბერპანკი
სუბიექტური ტერიტორიის რედაქტორი

და ა. შ.

სუბიექტური ტერიტორიის ხედვა საშუალებას იძლევა ყველაზე ბანალური და ყოველდღიური პიროვნებებსშორის ურთიერთობა გაანალიზდეს, როგორც ურთიერთობა სრულყოფილ სამყაროებს შორის.
ვინც აცნობიერებს სუბიექტური სივრცის პროგრამირების შესაძლებლობას ხედავს მეტ განზომილებიან სამყაროს ვიდრე ადამიანი რომელიც სარგებლობს ავტომატური სოციალური პროგრამირებით.

ავტომატურ სოციალურ პროგრამირებას ჩვენ ქვეყანაში საფუძვლად უდევს ძლიერი პროგრამისტების მიერ ძველად შედგენილი სუბიექტური სივრცის რუკა რომელიც დღესაც აერთიანებს ადამიანთა დიდ ჯგუფს. იგი ამ ჯგუფისთვის განსაზღვრავს

მაგალითად:

იდენტიფიკაციას - საქართველო

წარმოდგენების და ვარაუდების სისტემას - აკრძალვების და დაშვებების გრძელი სია რაც მიესადაგება იდენტიფიკაციას - ქართველები. დღეისათვის დომინირებს მამაკაცურ-შოვინისტურ-მონოთეისტური.

უნარებს მაგალითად - ნაციონალურ ტრადიციებად მონათლული რიტუალების მონოტონური გამეორება. შესაბამისად პოსტ პოლიტიკურ-ტერიტორიალურ-მუსკულატურული არსებობის ზღვარზე მერყეობა.

ქცევას - უფრო ხშირად წარუმატებელი თავდაცვითი ტერიტორიალურ დომინანტური ბრძოლების წარმოება, დროდადრო კი წარმატებულისაც. ნებისმიერი ინდივიდუალური - პოსტ სოციალური, პოსტ პოლიტიკურ-ტერიტორიალურ-დომინანტური ცნობიერების იგნორირება და ბლოკირება.

გარემოს განწყობას - სუსტი სუბიექტი ელოდება როდის გადაიქცევა საქართველო ნარჩენებად საიდანაც რაიმე მასაც შეხვდება, ძლიერი სუბიექტი ცდილობს მის გაერთიანებას და მასზე პოსტ-ნაციონალურ მედია-სინოპტიკურ დომინირებას.

ერთიანი სუბიექტური ველის ეს ხუთივე დონე არის მოუქნელი, ერთმანეთთან კონფლიქტური, თანამედროვე მსოფლიოს პოსტნაციონალურ - კორპორაციულ მმართველობასთან არათავსებადი, მმართველობის ამ სისტემებისთვის ადვილად პროგნოზირებადი, კარგად ნახმარი და შინაარსისგან დაცლილი.
წარმოდგენების და ვარაუდების სისტემა არ შეიცავს ფორმულებს, რომელთა მეშვეობითაც მოცემული მოდელის რიგით მხარდამჭერს უფლება ექნება ამავე მოდელში ცვლილებების შეტანის, ეს არის მკაცრი ავტორიტარული სისტემა. მისი სუბიექტურ მოდელად გამოცხადება კი საერთოდ მკრეხელობაა. რაც ავტომატურად გამორიცხავს მასში ნებისმიერი სახის ცვლილების შეტანას.

მიუხედავად იმისა რომ პერსონალური სუბიექტური სივრცის დე(რე)პროგრამირების შესაძლებლობა ტოტალურად იგნორირდება, არსებული სოციალური ქსოვილი როგორც სისტემა იძულებულია ისეთი ხერხებით დააპროგრამოს სოციალური ქსოვილი, რომელიც ეწინააღმდეგება ამავე სისტემის წარმოდგენების და ვარაუდების დონეში ჰუმანიზმთან დაკავშირებულ აკრძალვების და დაშვებებს.

როგორც ზემოთ ითქვა იდენტიფიკაციის დონეზე პროგრამირება არის გარკვეული ემოციური დისკომფორტის მიზეზი, იგივე შეიძლება ითქვას პირიქითაც.

ფსიქო-ემოციური და ნებისმიერი დისკომფორტი შეიძლება გამოყენებულ იქნას და აქტიურად გამოიყენება სისტემის მიერ, როგორც იდენტიფიკაციის დონეზე პროგრამირების ერთერთი მეთოდი.

თუ კარგად გაიაზრებთ წინდადება - "ადამიანი წყობიდან გამოვიდა" გულისხმობს, რომ "იდენტიფიკაციის დონის პროგრამული უზრუნველყოფა სუბიექტურ ტერიტორიაზე კონფლიქტშია პროგრამირების ერთერთ სხვა დონესთან"

ნებისმიერი სახის შეურაცყოფა, როგორც მოვლენა მიმართულია სუბიექტურ ტერიტორიაზე იდენტიფიკაციის დონის პროგრამირებაში ცვლილების შეტანისკენ. ასეთი ცვლილებების გამოსაწვევად შემუშავებულია ზემოქმედების უამრავი ხერხი ქცევის მოდიფიკაციის საიდუმლო სახელმწიფო პროექტები(მაგ. ამერიკული მკ-ულტრა), ადამიანის ჩაშვების(გაფუჭების) სისტემა ციხეებში, რეჟიმი სახელმწიფო არმიაში, ქუჩის კრიმინალური იერარქია, ოჯახურ-დომინანტური არანორმატიული ლექსიკა და ა.შ. პროგრამირების ეს მეთოდები უხსოვარი დროიდან ემსახურება სოციალურ ქსოვილში ტოტალურად სტაბილური რეალობის შეგრძნებას - ყველამ თავის ადგილი უნდა იცოდეს.

მიუხედავად ამისა ადამიანთაგან ზოგიერთს სულაც არ მოსწონს ის ადგილი, რომელიც მას "სხვებმა" მიუჩინეს. ფაქტია, როცა ქუჩაში გამოდიხარ არ გსიამოვნებს ირგვლივ დაყრილი ნაგავი, არ გსიამოვნებს ავტომებილების მძღოლების მიერ მოძრაობის წესების იგნორირება. რა ვქნათ, როცა საქართველო თავისუფალი იყო მაშინ ავტომობილები არ არსებობდა და არცერთ ქართველ მეფეს არაფერი აქვს ნათქვამი ავტომობილთა მოძრაობის წესებზე. შეიძლება ვინმეს სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ იმ ადამიანისთვის ვინც კარგად აცნობიერებს და ხედავს სუბიექტური სივრცის გავლენას, შეამჩნევს, რომ ეს ქართველებისთვის მძლავრ ფაქტორს წარმოადგენს. წარმოდგენების და ვარაუდების სისტემაში იგი ასე ჟღერს: "ჩვენ უნდა დავიცვათ მხოლოდ ქართული ტრადიციები". როგორც ცნობილია გარკვეული ინსტიტუტები დღესაც სერიოზულად მუშაობენ საქართველოსთვის მეფის "შექმნაზე".

უსიამოვნების ასეთი შეგრძნება არის პირველი მიზეზი, რის გამოც ადამიანი იწყებს მეტა სისტემის მიერ მისთვის მინიჭებული იდენტიფიკაიციის(ქართველი) გადახედვას, ადამიანთაგან უმრავლესობა შემოიფარგლება უკმაყოფილების გამომხატველი რამდენიმე ბანალური ფრაზით, რომ ძველებურად გააგრძელოს იმავე ნაგავში ცხოვრება. ზოგიერთი ხდება რადიკალურად დასავლურ რეალობაზე პასუხისმგებელი მეტა-იდენტიფიკაციის ან არქეტიპის მიმბაძველი ნაწილი. ადამიანთა ძალიან მცირე ჯგუფი ახერხებს დაინახოს სუბიექტური სივრცის პროგრამირებაში შეცდომები და აქედან კიდე უფრო ცოტა ახერხებს ალტერნატიული პროგრამირების შემუშავებას. ისეთის, რომელიც მეტა სისტემისადმი სამართლიანი და აგრესიული პროტესტის გრძნობის მიუხედავად გაითვალისწინებს ძველი პროგრამისტების მიზნებს. მასთან შეათავსებს ახალ პროგრამულ უზრუნველყოფას.

გარკვეული ეკოლოგიურ-მორალური მოსაზრებების გათვალისწინებით უმჯობესია ახალ პროგრამულ უზრუნველყოფაში ინდივიდებისთვის მისაწვდომი იყოს მონაცემები, ინსტრუმენტები და იდეები მეტა-პროგრამირების შესახებ. იქნებ სწორედ სუბიექტური ტერიტორიის მოდელირება წარმოადგენს ჩვენს ეროვნულ მისიას. ყოველ შემთხვევაში დიდია ალბათობა, რომ საკითხის მსგავსი ფორმულირება ქართულ მოსახლეობაში გამოიწვევს საჭირო ძვრებს.

ვინმემ უნდა დაინახოს სუბიექტური სივრცე. უფრო მეტიც სუბიექტური სივრცე უნდა დაინახოს ადამიანთა ჯგუფმა. ერთი ადამიანის დანახული სუბიექტური ტერიტორიის მოდელი არაფერს ნიშნავს. საჭიროა ჯგუფი, ახალი თვითიდენტიფიკაციით, რომელიც გაიზიარებს რელობას გარკვეული მიზნით და ვიდრე ამ მიზნის ამოწურვამდე.

პირადად ამ ტექსტის ავტორის მიერ შემოთავაზებული ახალი პროგრამული უზრუნველყოფა წარმოადგენს შემდეგს

1. იდენტიფიკაცია:

პოსტ სოციალური ქსოვილი

2. წარმოდგენების და ვარაუდების სისტემა:

არსებობს ცვალებადი, მოქნილი სუბსტანციის სქემა, რომელშიც ჯდება ნებისმიერი ადამიანის შინაგანი სამყარო.
ყველა უსიამოვნო შედეგი რომელიც აისახება გარემოზე არის შინაგან ასოციაციაციებს შორის კონფლიქტის შედეგი.
შესაძლებელია ამ ასოციაციების გადაპროგრამება და შეცდომების გასწორება.
თითოეული პიროვნების შინაგანი კონფლიქტი, ან პიროვნებებსშორის კონფლიქტი შეიძლება გადაიქცეს შეთანხმებად იმ შემთხვევაში თუ გ ა ც ნ ო ბ ი ე რ ე ბ უ ლ ი იქნება კონფლიქტის ყველა მხარისთვის მისაღები შედეგი.

3. უნარები:

სუბიექტური ტერიტორიის პროგრამირებისთვის საჭირო ტერმინოლოგიის ათვისება.
გარემოს თვითნებური შერჩევა.
საჭიროების შემთხვევაში ახალი სასურველი გარემოს შექმნა.
არსებულ გარემოსთან ადაპტაცია - რეპუტაციის კონტროლი.

4. ქცევა:

საკუთარი და (ნებართვის შემთხვევაში)სხვისი სუბიექტური ტერიტორიის პროგრამირება.
სუბიექტური სივრცის პროგრამირებისთვის საჭირო ტერმინოლოგიის გავრცელება ადამიანთა შესაბამის ჯგუფებში.

5. გარემო:

ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მაღალი ხარისხით ითვალისწინებს ხედავს და იყენებს ინდივიდუალურ სუბიექტურ ფაქტორს როგორც ამუწურავ რესურსს

ავტორი მის მიერ შემოთავაზებულ პროგრამულ უზრუნველყოფას თვლის ღია კოდად, რის გამოც ნებისმიერი შენიშვნა ან ფორმულირების ალტერნატივა მის მიერ მიღებული იქნება დიდი სიხარულით.

P. შ. მოცემული ტექსტი წარმოადგენს მცდელობას - ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს გაუადვილდეს წარმოდგენა, როგორ ფუნქციონირებს ინდივიდის და ინდივიდთა ჯგუფის სუბიექტური სამყარო, რამდენად მძლავრია მისი გავლენა, როგორც ინდივიდის ისე ინდივიდთა ჯგუფის ქცევაზე და გარემოზე, რომელსაც ისინი ქმნიან.

3 Responses to 'სუბიექტური ტერიტორიის ფუნქციონირების მოდელი'

  1. David Makaridze said...
    http://rel0ad.blogspot.com/2009/06/blog-post_02.html?showComment=1248801918497#c5711810474129563688'> July 28, 2009 at 10:25 AM

    ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს საკუთარი ორეულის აზრებს ვისმენ :) მოკლედ ეს ყველაფერი ისე ახლოსაა ჩემთან რომ კრიტიკული თვალით ყურება მიჭირს. მე უბრალოდ ვფიქრობ რომ კარგი იქნება ქმედითი და სიტუაციის შესაფერი პრაქტიკის შემუშავება რათა მოხდეს პიროვნების ისეთი უნარების ჩამოყალიბება, რომელიც მას ახალ პარადიგმაში საარსებოდ წაადგება.

     

  2. Singularity said...
    http://rel0ad.blogspot.com/2009/06/blog-post_02.html?showComment=1516465760031#c1962395657129230084'> January 20, 2018 at 8:29 AM

    This comment has been removed by the author.

     

  3. Singularity said...
    http://rel0ad.blogspot.com/2009/06/blog-post_02.html?showComment=1516465881808#c4871098239826410123'> January 20, 2018 at 8:31 AM

    ეს ტექსტი 2007 ში წავიკითხე მგონი პირველად. კიდე აქტუალურია. ვეთანხმები ზემოთ ნათქვამს

     

Post a Comment