...როცა საკუთარი მშობლები არ მოგწონთ, აჯობებს გამოუგონოთ საკუთარ თავს სხვები.
მოთხრობიდან, რომელიც არ დამიწერია


ადგილი, სადაც მოვხვდი, არ ექვემდებარებოდა სიტყვებით აღწერას. ცხელი ატმოსფერო, დამსკდარი მიწა, მისი ნაპრალებიდან მოჩანდა მომწვანო სინათლე, ეს იყო სხვა პლანეტა სხვა სამყაროდან, არ ვიცი როგორ გამოვთქვა, რასაც იქ ვგრძნობდი. ეს უცხო სამყარო ჩემს სხეულთან ერთად გადიოდა მუდმივ ვიბრაციებს. ძნელი სათქმელია, ეს ქარი იყო, თუ პლანეტის ცვალებადი მიზიდულობა. მომენტებში სიმსუბუქეს ვგრძნობდი, მეგონა მოვწყდებოდი ამ ფოსფორულად განათებულ ზედაპირს და ნებისმიერი მიმართულებით მოვახერხებდი გაფრენას, რომ უცებ ისევ ვმძიმდებოდი და მთელი სხეულით გავირთხმებოდი ამ ზებუნებრივად უცხო მიწაზე. ამ ვიბრაციების თუ ქარის მიქცევა-მოქცევის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელი იყო, თუმცა ძალაინ მიმზიდველი და დამატყვევებელი რითმი ჰქონდა.
კიდევ ერთხელ მოუხერხებლად დავეცი და სიცილის ხმა გავიგონე. ეს შენი ხმა იყო, ეს შენ იყავი, მიახლოვდებოდი, ამ პლანეტის ქარი თუ ვიბრაცია შენი სიარულის მანერაზე არ მოქმედებდა, შენი სხეულის წყლულები ზუსტად ისე ანათებდა როგორც ამ პლანეტის დამსკდარი მიწა. თავზე წამომადექი, მოხდენილად დაიხარე და ჩემი ხელი აიღე:

`წამოდექი, სიარულს გასწავლი,” მითხარი მხიარულად.

მდუმარედ დაგემორჩილე. ახალ სივრცეში ადაპტირების პროცესმა ძალიან გამიტაცა, ვხედავდი, სხვაზე ზრუნვა შენთვისაც სასიამოვნო სიახლე იყო, მუდმივად დასცინოდი ჩემს თავდაპირველ მოუხერხებლობას. გარემოს მალე შევეჩვიე. ამასობაში ერთ შემაღლებულ ადგილზე მოვხვდით, საიდანაც მოჩანდა საშინელი, ადამიანის გულის და გონების დამატყვევებელი ხედი, უცნაური ფოსფორის ჩანჩქერები, მანათობელი, დაბზარული მიწა, კლდეები, რომელთა ძირებიც ანათებდნენ, მათი მწვერვალები კი, ზეცისკენ ავისმომასწავებლად შავდებოდნენ.

“ეს პლანეტა ერთი გარყვნილი პოეტის გულია, მან იგი ჩემთვის შექმნა. ასეთები მთელს სამყაროში ძალიან ცოტაა, მე აქ დასვენება მიყვარს”.

უცებ დაიწყე ლექციასავით.

“ამას კი შენ უნდა გიმადლოდე”

მითხარი ოდნავშესამჩნევი საყვედურით და ხელი გაიშვირე.

ეს იყო პატარა დასახლება, რაღაც ექსტრემალური ატრაქციონების თუ მოედნის მაგვარი დიდი შემოღობილი ადგილი და რამდენიმე შენობა. მოედნის შესასვლელში დიდი ასოები წითლად ანათებდა: “უკვდავების ნეიროკონტურის მშენებელი პარკი #93”. არ ვიცი რატომ, მაგრამ ასეთ საშინელ ადგილზე ადამიანების არსებობა რატომღაც პირად გამარჯვებად ჩავთვალე. სიხარულით ავივსე, ისევ სიმსუბუქემ ამიტანა, ის იყო დავაპირე მიწას მოვწყვეტოდი, რომ ხელი მაგრად დამქაჩე და ძირს დამაბრუნე, შემომხედე, შენი თვალები ფოსფორულად ანათებდნენ თეთრი, ოდნავ მომწვანო ტონით. ვხვდებოდი, ერთი სულის შებერვით შეგეძლო ჩემი განადგურება და მაინც უაზროდ მიხაროდა.

“სულელები ხართ! იცი? რამდენიმე მარადისობის განმავლობაში, აქ ცნობიერების მატარებელ არცერთ არსებას არ უცხოვრია, მითუმეტეს ორგანულს.”

ერთხანს მიყურე, მხრები აიჩეჩე, აქაოდა ჩემთვის სულერთიაო, მერე ისევ გაიცინე და თქვი:

“კარგი... ძველებურად ოთხკუთხა შენობებს აგებენ, მაგრამ, რადგან ასეთი სასაცილო ხარ, შენ გამო ამასაც ავიტან. მალე იზრდები, ხომ იცი, შე ნაბიჭვარო!”

მერე ხელი გამიშვი და შუბლზე თმები ამიჩეჩე, ეიფორიამ მთელი ჩემი სხეული მოიცვა, ვიბრაციემბა კულმინაციას მიაღწია, სამყარო, რომელშიც ვიყავი, ჩემი ოთახის ფანჯრიდან შემოსულმა დილის მზემ შეცვალა. ლოგინში გაოფლილი მე და ჩემი ცოლი ერთმანეთს ჩავხუტებოდით, ის, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, წელზე მიჭერდა ლამაზ, წვრილ ფეხებს და ცდილობდა თავისი თეთრი, მკვრივი მკერდი ჩემსაზე მოეჭყლიტა, კულმინაციამ გაიარა, ორი ძლიერი კოცნა, ერთი ნიკაპზე, მეორე რბილ ყელში და ბრძოლას მოვრჩით. მალე ჩვეულებრივი დღე დაიწყებოდა.

0 Responses to 'პანის ქალიშვილი II'

Post a Comment