-...ჩემი აზრით, არაორგანული არსებების სამყაროს ეშმაკეული ხასიათი იმაში მდგომარეობს, რომ მთელს ამ მტრულ სამყაროში, იგი ერთადერთ თავშესაფარს წარმოადგენს მესიზმრეებისთვის.
-ნამდვილად თუა იგი სამოთხე მესიზმრეებისათვის, დონ ხუან?
-გარკვეულწილად ზოგიერთი მათგანისათვის ეს ასეა, მაგრამ ჩემთვის არა. მე არ მჭირდება მხარდაჭერა და დაცვა. მე ვიცი ვინ ვარ. მტრულ სამყაროში მე ვარ მარტო, მაგრამ მე ვისწავლე გამოთქმა “დაე იყოს ასე!”
კარლოს კასტანედა “სიზმრების ხელოვნება”



მე ჯერ არ შემიძლია გითხრათ სად ვარ. ადგილი სადაც ვიმყოფები არაბუნებრივად ნაცნობია. ყველაზე ადვილად შემიძლია მივიღო ის აზრი, რომ მოვკვდი. ეს ადგილი ჰგავს რელიგიურ წარმოდგენებში აღწერილ საიქიოს და ჯოჯოხეთს. ეს წარმოდგენები მაშინ იყო პოპულარული, როცა, ალბათ, ცოცხალი ვიყავი. ვცდილობ გავიხსენო ძველ წიგნებში წაკითხული სიტყვები ჯოჯოხეთის შესახებ, მაგრამ როგორც კი არემარეს თვალს მოვავლებ, ვხვდები, რომ სიტყვების გახსენება საჭირო არაა ყველაფერი აქაა – აქ და ახლა.
დროს აქ მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ერთნაირად საინტერესოა როგორც ზოგადად სივრცე, ასევე ადგილის ყოველი სანტიმეტრი, რომელიც თვალისთვისაა მისაწვდომი. ისმის საშინელი ხმები. ტანჯვით შეპყრობილთა უცნაური ოხვრა და ღრიალი ჯოჯოხეთურ ჰარმონიაშია მთლიანად სივრცის სუნთქვასთან. სივრცის სუნთქვა, სხვა არ ვიცი რა ვუწოდო იმას, რაც აქაურობას ემართება.
აქ არ არსებობს მიზანი, რომელიც თავს მოუყრის პიროვნებას, როგორც ასეთს. ალბათ ამიტომაა დაშლილი ყველა შენობა. აბსოლუტურად გაურკვეველია აქაური მიზიდულობის კანონები, უზარმაზარი ქვის ლოდები ჰაერში გაშეშებულან, თუმცა შეიძლება მათზე აცოცება და ქვიდან ქვაზე გადახტომა.
თუ გასეირნებას მოვისურვებ, სულისშემხუთველი გვირაბები და უსასრულოდ ღია სივრცეები ერთმანეთს მოულოდნელად ცვლიან. ზოგ გვირაბში კედლების ზედაპირი თბილია, შეიძლება ითქვას ცხელიც, თითქოს მყარი ქვა უნდა იყოს, მაგრამ როცა კარგად ვაკვირდები, ის, რაც თავიდან კედლების ბზარები მგონია, სინამდვილეში საზიზღრად მოძრავი ნაოჭებია. ამ გვირაბებში ყოფნისას მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიმყოფები უსახური არსების ცოცხალ ხვრელში. ჰოი, რა შვებისმომგვრელია აზრი, რომ უკვე მკვდარი ვარ!
მთავრდება თუ არა გვირაბი, იწყება უცნაურად მბრწყინავი, მოვერცხლისფრო-შავი ფილებით მოპირკეთებული ზედაპირი რომელიც უზარმაზარ ნატეხებადაა დაფანტული უსასრულო, მოწითალო ცხელ სივრცეში. თუ მინდა მოგზაურობა გავაგრძელო, აუცილებელია ჰაერში გაშეშებულ ნატეხიდან ნატეხზე გადახტომა. სივრცე კი სავსეა დიდი მასის მფრინავი სუბსტანციებით, რომლებსაც მე სახელს ვერ ვუძებნი. შემიძლია მხოლოდ წყალივით მოქნილ, ცოცხალ ხორცის მასებს შევადარო ისინი.
ხანდახან ვხვდები უცნაურ შენობებში, რომლებიც სივრცეში თავბრუდამხევად ჩამოკიდებული, უზარმაზარი კლდის ნატეხებზეა აგებული. არც ერთი შენობა მთელი არაა. ისინი რეაგირებენ. ჩემ მიახლოებაზე იღება კარებები, საიდუმლო ჩასასვლელები ბნელ სარდაფებში, შოკისმომგვრელია ამ დარბაზების სიდიდე. შენობების ზომა შთამბეჭდავია, მაგრამ მათი შიდა სივრცის მოცულობა აშკარად არ შეესაბამება იმ მოცულობას, რომელიც მათი გარედან ხილვისას შემიძლია ვივარაუდო.
რატომღაც, ჯერ არ მომსვლია აზრად, რომ აქ შეიძლება კიდევ “ვინმე” იყოს, თუმცა, ზოგიერთი კედელი და თითქმის ყველა კარები აჭრელებულია სხვადასხვა ჯოჯოხეთური სიმბოლოებით, ორნამენტებით და ფრესკებით, ჩემთვის ნაცნობი სიმბოლოებიდან ხშირად ვხვდები რიცხვს “93”. ფრესკების სიუჟეტებში მხვდება რაღაც ქსელში გაბმული უამრავი სახე. უსხეულო სახეები, რომლებიც გამოხატავენ შიშს, განცვიფრებას და ზიზღს განლაგებულნი არიან ფრესკის სულ ქვედა ნაწილში. მათ ზემოთ კი ჩანან უსაზღვრო ნეტარებით გონებადაკარგული, გაბადრული მკვდრები. ეს ორი ფენა თითქოს ერთმანეთს ავიწროებს და შეპყრობილია იმ საერთო სივრცით, რომელიც რაღაც საშინელი ქსელის სახით დაუხატავთ აქაურ არსებებს. ამ ორი კატეგორიის ზემოთ გამოსახულია ბერების ჩოხის მსგავსი რაღაც ძონძები, რომლებიც ორივე მხრიდან წვრილი თოკებით უჭირავთ ზებუნებრივი სილამაზის მქონე შიშველ ქალებს. უფრო ზემოთ ვხვდები რქებით დამშვენებულ ტიტანურ არსებებს, რომლებსაც ჩლიქებით გაუთელავთ ყველა ქვემოთ მყოფი კატეგორია ოღონდაც მათ თავებზე ამხედრებულ ქალებს მოხდენილად გაუშლიათ ხელები მძლავრ რქებზე და კოხტად გადაჯვარედინებული ფეხები მათ შუბლებზე უდევთ. ფრესკის სულ ზედა ნაწილს აგვირგვინებს მზე თუ რაღაც სხვა სხეული, რომელსაც თავის სხივებში თუ საცეცებში გაუხვევია ფრესკაზე წარმოდგენილი ყველა ტიპი. ამ მზის შუაგულში კი ვხედავ ჩვეულებრივ სრულიად ნაცნობ ადამიანთა წყვილს, რომლებიც სტანდარტული მსუბუქი სკაფანდრებით შემოსილან და ტყვიამფრქვევებით შეიარაღებულები საბრძოლო პოზაში ხელჩაკიდებული დგანან. ერთი მათგანი ქალია მეორე კაცი. მათი სახეები გამოხატავენ ნამდვილ ექსტაზს. ჩანს ერთად ყოფნის გამო მათთვის სულერთია რატომ არსებობს სამყარო.
მე უკვე ვხვდები სად ვიმყოფები, ნელნელა ვგრძნობ საკუთარ სხეულს, აღარ მიზიდავს ამ საიქიოს ღრმა იდუმალება. ვრთავ ვირტუალურ ორიენტირს. holo-map-ზე ჩანს, რომ საერთო არენა ჯერ კიდევ შორსაა, მაგრამ გაბრაზებული მაინც იარაღს ვტენი, მახსენდება რომ სიმსტიმ რეჟიმში ვთამაშობ მეგობრებთან ერთად. საერთო წესით ALLE GEGEN ALLE. ისიც მახსენდება, რომ მეხსიერების დროებით დაკარგვას მაღალი ინტენსივობის პლაზმური მუხტით დაღუპვა იწვევს. ჩანს, თამაშში შესვლისთანავე მოკვდი, რის გამოც საერთო არენიდან ასე შორს ამოვყავი თავი. შესვლისთანავე კი იმიტომ მოვკვდი, რომ პლაზმით შეიარაღებული ვიღაც ნაბიჭვარი სპეციალურად ჩამისაფრდა შემოსასვლელ პორტალთან. გაბრაზებული, მოთამაშეთა სიის ჰოლოგრამას ვრთავ. თამაში ახალი დაწყებულია. ერთადერთი მოკლულით გამომწვევად ლიდერობს “Lilith”.

0 Responses to 'ვიდეო თამაშები'

Post a Comment