ოთახი, სადაც ვართ მიულაგებელია. უფრო მეტიც, ქაოსი მასში განზრახაა შექმნილი. აშკარაა, ეს ადგილი თავისუფალია ყველანაირი ზრუნვისაგან, ყოველგვარი წესისა და კანონისაგან. ლორწოთი დასველებული ლოგინის ზეწრები ფანტასმაგორიულ ფორმებად დახვეულან ოთახის ყველა კუთხეში. აქ არ არსებობს აკრძალავა, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც გ ვ ს უ რ ს. ძნელია იმის თქმა, ამ ოთახში მარტო ვარ, თუ არის ჩემთან ვინმე, ან მ ე ვარ თუ არა საერთოდ აქ. ეს ვართ მე და შენ და ჩვენ ვართ ერთი.
ოთახში არაფერი ხდება, გარდა იმისა, რომ დაკუჭული, სველი ზეწრები თავისი სიცოცხლით ცოცხლობენ და კედლებზე დაცოცავენ. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ესეც არ ხდება, რადგან მე და შენ არ გვიკვირს. გარყვნილი სიამოვნებით განაბულები მივჩერებივართ ზეწრების საზიზღარ ზოზინს. ხანდახან ჩნდება სურვილი ერთმანეთს თვალებში ჩავხედოთ. ეს სურვილი აბსურდული და მიუღწეველია, როგორც ჩვეულებრივი მოკვდავის სურვილი ჩაიხედოს ერთი თვალით მეორეში.
სამაგიეროდ გვიყვარს თავმიდებულებს მუდამ დაორთქლილი ფანჯრიდან ცქერა. ორთქლს გადავწმენდთ და ვხედავთ ხმელეთს, დინოზავრებს, კოსმოსურ ხომალდებს. ვხედავთ მცენარეული საფარისგან სუფთა, ახალგაზრდა და უდაბურ მიწას. ხან კი, ნეონის რეკლამებით და მონიტორების გაუვალი ჯუნგლით დაფარულ დედამიწის ზედაპირს. ფანჯრიდან ცქერისას, ჩვენ მაინც ვახერხებთ ერთმანეთის თვალებში ჩახედვას. მე ამ დროს ვგრძნობ სიცივეს და სიცილის სურვილს. ჩვენი თვალები ერთმანეთის სიბნელეში გზავნიან ერთებით და ნულებით გაკეთებულ სამგანზომილებიან ნეონის ფიფქებს. ესაა ტექსტები, ესაა კითხვა: რატომ არსებობს სამყარო?

0 Responses to 'ჩვენი ოთახი'

Post a Comment