ჩვენ უკვე შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ კაცობრიობა სინამდვილეში წარმოადგენს ერთ ცოცხალ ორგანიზმს. ადამიანები და ცალკული ინდივიდები არიან მისი თითები ან რაიმე სხვა ორგანოები. ამ ორგანოების გამაერთიანებელი სხეული არის გარკვეული პრინციპი – მითი.

შაკო – ლოყებღაჟღაჟა ბიჭი, რომელსაც ცხოვრებაში ჯერ კიდევ არაფერი აწუხებდა, რომელიც ჯერაც უხვად მარაგდებოდა დედის სიყვარულით, თავს უფლებას აძლევდა ღრმად წასულიყო შიგნით – საკუთარ სამყაროში. ამ დროს მისი დამნახავი ვერ იტყოდა, რომ შაკო ფიქრობდა. იგი ნეტარებდა.

მითზე დამოკიდებულია ადამიანთა მასების მოძრაობა, მათი სინქრონიზაცია, მათი ერთმანეთთან კავშირი ან ამ კავშირის დარღვევა - სწორედაც, ამ სასაცილო თამაშების ხარჯზე უზრუნველყოფს მითი თავის მარადისობას.

ანეტა – მიზანმიმართული და საკმარისად ქარაფშუტა, იმისათვის რომ სექსუალური ყოფილიყო, ლამაზი და ჭკვიანი გოგონა. იგი ძალიან ადრე მიხვდა, რომ ამ გარეგნული და შინაგანი პარამეტრებით იგი ადვილად აისრულებდა თავისი სურვილების ნახევარზე ბევრით მეტს და თუ ცოტას დაიძაბებოდა, მიუღწეველი აღარაფერი დარჩებოდა, ამიტომაც ცდილობდა გამუდმებით ახალი სურვილების ფორმულირებას.

მითი, რომელზეც მოგახსენებდით, შეიცავს ინფორმაციას ადამიანთა ხასიათის ძირითადი შტრიხების შესახებ და ადამიანთა ტიპების ჩამონათვალს. ყველაზე არაპოეტური, ემოციური ბურუსისაგან სუფთა და ფორმალური ვერსია თქვენ შეგიძლიათ იხილოთ რიჩარდ ბენდლერის და ჯონ გრინდერის წიგნებში “მაგიის სტრუქტურა” I და II ტომი.

შაკო და ანეტა ერთ უბანში ცხოვრობდნენ, გოგონას სერიოზულად არასოდეს აინტერესებდა შაკო. ერთხელ ანეტამ მისი გაღიმებული სახე შენიშნა, იგი თვალებით არარსებობას უყურებდა, აშკარად ეტყობოდა ანეტასათვის წარმოუდგენელ რაღაცას განიცდიდა. ზაფხულის ღამე იყო. ახალგაზრდები მხიარულობდნენ. ბავშვებს შორის ერივნენ ადრე გაუფროსებლი ქუჩის ლიდერებიც, რაც აშკარად ანეტას პარამეტრების დამსახურება გახლდათ. გოგონა ამას კარგად ხვდებოდა. ეს შაკო კი, გაურკვეველი მიზეზით სრულიად კმაყოფილი, ჩრდილში იჯდა და დედოფლის ბრწყინვალება მასზე არავითარ გავლენას არ ახდენდა.

თუ თქვენ გეგონებათ, რომ ბენდლერის და გრინდერის წიგნებში აღწერილი პრინციპი რაიმე ახალია ძალიან შეცდებით. ამ პრინციპებს, როგორც რაღაც ახალს, წარმატებით იყენებენ დღეს რეკლამის სპეციალისტები, მარკეტოლოგები, ფსიქოთერაპიის ახალი ტალღის მიმდევრები და სხვა სოციალური ინჟინერები. თქვენ კი, (თუ გადაწყვეტთ და ამ წიგნებს წაიკითხავთ) ვალდებული არ ხართ დაუშვათ მსგავსი შეცდომა. იქ მარადიული მითის პრინციპი შეძლებისდაგვარად დაღეჭილია ჩვენი დროის შესაფერისი ბუღალტრული აზროვნებისთვის.

იმ წამის მერე, რაც ანეტამ შაკოს უცნაური ფენომენი აღმოაჩინა, მრავალი წელი გავიდა. ამ დროის განმავლობაში ანეტას სხეულმა დააგროვა საკმარისი გამოცდილება. მან გადაწყვიტა, შაკოს ახლოს არ მიკარებოდა. სხეულისაგან განსხვავებით გონება ასეთ კატეგორიულ და ბრძნულ გადაწყვეტილებას არ იზიარებდა და თავისივე წესრიგის შესანარჩუნებლად თავისსავე თავს უმეორებდა: “დებილია”

საინტერესოა, რამდენიმეწამიანი ვიდეოკლიპი როგორ ახერხებს ჩვენში მიზნების ფორმულირებას და თუ თქვენ ეთანხმებით იმას, რომ ეს მართლა საინტერესოა, აჯობებს წაიკითხოთ რიჩარდ ბენდლერის წიგნი – “გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებებისთვის”. ყველაფერი კონტრასტული ფერების სწრაფი მონაცვლეობით იწყება ან სრულიად დამაბნეველი და გაურკვეველი სიუჟეტით, თქვენ იბნევით და ერთადერთი რასაც აზრზე მოჰყავხართ – კლიპის ფინალში გასაყიდად შეფუთული პროდუქტის გამოსახულებაა, ხოლო თუ მოგინდებათ საკუთარი თავი იპოვოთ, ამას იმ მაღაზიაში მოახერხებთ სადაც ეს პროდუქტი იყიდება.

მოკლედ, ერთ მშვენიერ დღეს ანეტას მოსწყინდა შაკოს ეს “დებილური” ნეტარება და მისი გაღიზიანება გადაწყვიტა. ის იყო მხიარულად მიუახლოვდა და თავისი “ილეთების” წამოწყება დააპირა, რომ შაკომ მარადიული სიამოვნებით დაბინდული თვალები და ძალიან სპეციფიური ღიმილი შეაფეთა, ანეტას სხეულმა განგაში ატეხა, გონება კი ძველებურად თავისის დამტკიცებას ცდილობდა, უცებ... ანეტას თვალის გუგები გაუფართოვდა. იგი მიხვდა... შაკო მას ხ ე დ ა ვ დ ა, ხედავდა მის ჩონჩხს, მისი ორგანიზმის სტრუქტურას, ხედავდა მას შიგნით...

სარეკლამო ვიდეოკლიპები ხშირად სავსეა სიყვარულით, ვნებებით, სიძულვილით, აგრესიით, სექსით. მოკლედ, ყველაფერი იმით, რაც ემოციებს და ინდივიდუალურობას უკავშირდება, ჩვენც გამუდმებით გვინდა, რომ ჩვენით აღფრთოვანებული იყვნენ გარშემო მყოფენი, ამიტომაც იძულებული ვართ შევიძინოთ ათასი ხარახურა.

ძნელი სათქმელია, რომ ანეტა შაკოს გამომეტყველებამ გააბრაზა. სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ იგი ცივი ზიზღით აივსო ამ “პლასტმასის თოჯინის” მიმართ. “ალბათ 24 საათი ანძრევს” გაიფიქრა და საბოლოოდ დამორჩილდა სხეულის ბრძნულ გადაწყვეტილებას – შაკოს ახლოს აღარ გაკარებოდა. სამაგიეროდ მაქსიმალურად აამოქმედა უკვე კარგად გამოცდილი ხერხები. სულ მალე ნამდვილად ტიტანური გარეგნობის და გაქანების მამრი დაითრია. თვითონ ლოგინში ზემოდან მოქცევა უყვარდა და ყოველი ორგაზმის დროს მის ტვინში უზარმაზარი ნეირო-მზე ანათებდა.

მე ვცდილობ აგიხსნათ, როგორ ცდილობენ მარკეტოლოგები, სოციალური ინჟინერები და სხვადასხვა რჯულის თანამედროვე ნეიროსპეციალისტები გააკეთონ რეკლამა, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი ამოვარდნილია იმ კონვეირიდან, რომელზე ყოფნასაც მას ასე დაყვავებით და მოწიწებით სთხოვენ.

შაკო დაიკარგა... ანეტას ვერაფრით დაედგინა, იცოდა თუ არა მან მისი ტიტანური ბედნიერების შესახებ. ახლობლებმა დიდხანს ეძებეს, მაგრამ მისი კვალიც ვერ იპოვეს. ეს ამბავი ანეტას თითქოს საერთოდ არ ანაღვლებდა, იმ ამბის შემდეგ კი რაც შაკო ახლოს აღარ ეგულებოდა მის ნერო მზეზე კვადრატული შავი ლაქა გაჩნდა. ეს ტიტანური წყვილი მართალია ჰარმონიულად და ტიტანურად ათავებდა, მაგრამ შავი კვადრატი ანეტას ძალიან უცნაურად ეჩვენებოდა.

ბოლოსდაბოლოს ადამიანთაგან ზოგიერთი, ტელევიზორთან ჯდომისას აცნობიერებს, რომ ამ რეკლამებში რაღაც ვერაა კარგად. თქვენ კი შეგიძლიათ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ საკუთარი ნებით კონვეირიდან ვერ გადმოხვალთ, ამიტომაც, ზოგიერთმა თქვენგანმა აჯობებს არაფერიც არ იცოდეს მითის შესახებ. მითი ცოცხალია და თვითონ წყვეტს ვის დაანახოს გზა თავისუფლებისაკენ.

ანეტამ ორი ახალი ჩვევა შეიძინა, პირველი: მან თავის პატარა ჩანთებით დიდი დანის ტარება დაიწყო. მეორე: სრულიად გაუცნობიერებლად აღმოჩნდებოდა ხოლმე ქალაქის მიყრუებულ და უკაცრიელ ადგილებში, ბინძურ და მიტოვებულ სახლებს შორის, ცხვირში აშმორებული ნაგავის და ფსლიკის სუნი უღიტინებდა და ამ ღმერთისგან დავიწყებულ ადგილებში ხეტიალისას გრძნობდა რაღაც გაურკვეველ ძალას, სიცოცხლით ივსებოდა და ლოყები უწითლდებოდა.

“ალბათ თქვენ გჯერათ, რომ ბედნიერების მოსაპოვებლად ბრძოლა ზუსტად ისაა, რასაც მთელი ცხოვრება უნდა დაუთმოთ, მაშინ შეიძინეთ ის, რაც რეკლამირებულია”. თუ კარგათ დააკვირდებით ამ წინადადების შინაარსი ძალიან მოკლეა და კონკრეტული – თქვენ უბედური ხართ და უბედური იქნებით მანამ, სანამ არ გადაიხდით ნივრის საჭყლეტის, ალვის ხის ლამინირებული პარკეტისა და გაზიანი ნაკურთხი წყლისთვის.

ანეტამ გაკვირვებულმა აღმოაჩინა, რომ ქუჩის აყროლებულ სოროებში ხეტიალი მისთვის ძალიან სასიამოვნო გართობად იქცა. მას საფრთხე იზიდავდა. სქესობრივად დამშეული აგრესიული მოზარდების ბრბო, რომლებსაც ნებისმიერი ასაკის და გარეგნობის ქალის სოდომირება შეეძლოთ, თუ კი ასეთს დაუცველ მდგომარეობაში გადააწყდებოდნენ. ანეტა დიდ შინაგან ძალას და კონტროლს გრძნობდა, იგი ხვდებოდა რომ ასეთი ველური ლეკვებიდან ყველაზე გაბედულებიც თითს ვერ გაანძრევდნენ მისი თანხმობის გარეშე, ვინაიდან იგი არ გამორიცხავდა ამ თანხმობას. მითუმეტეს თუ შარდით დასველებულ ჩვრებზე დააწვენდნენ.

დედა ჩვილით ხელში – ასეთ არქეტიპს ხშირად ვხვდებით ზოგიერთი კოსმეტიკური საშუალებების რეკლამაში, რომლებიც კანს სირბილეს უნარჩუნებენ. ეს შედარებით გულუბრყვილო თავდასხმაა თქვენს ტვინზე, მაგრამ თუ იგივე სიმბოლო ბანკის რეკლამირებისას გამოიყენება, ეს უკვე აღარაა თავდასხმა მარტო ტვინზე. ასეთი პლაკატი უკვე წარმოადგენს თავდასხმას სულზე. გამოვიყენებ ერთ სარეკლამო ტრიუკს და გკითხავთ, “ალბათ თქვენ უკვე ხვდებით თუ რატომ უნდა იცოდეთ უფრო მეტი, ცნობიერებით მანიპულირების შესახებ, რატომ უნდა იცოდეთ ისეთი ადამიანების სახელები, როგორიცაა მილტონ ერიქსონი, ოლდოს ჰაქსლი, თიმოთი ლირი.”

მოკლედ, ერთერთი მომდევნო ხეტიალისას ანეტა შაკოს გადააწყდა. ეს ასე მოხდა: ანეტა ძალიან მიიზიდა საშინელი გარეგნობის ერთმა სახლმა, რომელსაც ვერცხლსფერი საღებავით რაღაც უცნაური გველებისმაგვარი სიმბოლოები ეხატა. ვერცხლის ეს ბრწყინვალება მასში ძალიან ნაცნობ ასოციაციას აღძრავდა, როგორც გარედან ჩანდა, ამ სახლში შესვლა ფანჯრისმაგვარი კვადრატული ხვრელიდან შეიძლებოდა. ეს შავი კვადრატი უშნოდ აჩნდა ლამაზად დახატულ ვერცხლის მრავალთავიან თუ მრავალტანიან გველს, გველეშაპს ან რვაფეხას. ანეტა კვადრატში შევიდა და ბნელ ოთახში აღმოჩნდა, ფანჯრიდან შემოსული სინათლე სუსტად ანათებდა ძველი, მოზრდილი ტელევიზორის თავზე, ლოტოსის პოიზაში შემომჯდარ კაცს.

შეიძლება ზოგიერთმა თქვენგანმა მოახერხოს და შეიცნოს მითის პრინციპი. შეიძლება ამ შეცნობის გზაზე ბევრი თქვენგანი გაიხლართოს ვერცხლისფერ ბადეში. მნიშვნელობა მარტო იმას აქვს, გადადგამთ თუ არა თქვენ ნაბიჯს დაუფიქრებლად, მოისურვებთ თუ არა ამოხვიდეთ ჩარჩოდან, რომელიც მითმა თავისი თითებით გააკეთა. არჩევანი დიდი არაა, თუ თქვენ ამას გააკეთებთ გახდებით მოჭრილი თითი. თუ არა და ის დარჩებით რაც იყავით. ამაში ცუდი არაფერია, ბოლოს და ბოლოს მითი თვითონ წყვეტს რომელი თითი მოიჭრას და რომელი არა. შეეგუეთ – თქვენი არჩევანი სინამდვილეში არაა არჩევანი რადგან ასარჩევი არაფერია.

- იცი? – მშვიდად თქვა შაკომ, – აქ მე მოგიყვანე, – და გულუბრყვილო გაბრწყინებული თვალებით ანეტას მიაშტერდა.

ანეტა გამორთული ტელევიზორის ეკრანზე არეკლილ თეთრ კვადრატს დააკვირდა, ეს კვადრატი სამად გაეყო მისი ფეხების გამოსახულებას. ამ უცნაურ გეომეტრიაშიც მისი სექსუალურობა აშკარა და უეჭველი ჩანდა. ჩანთაში დანა მოძებნა და შაკოს მიუახლოვდა.

- იქნებ ამასაც შენ მაკეთებინებ? – და ცივი რკინა გულში გაუყარა.

შაკოს ღიმილი კიდევ უფრო ფართე და გულუბრყვილო გახდა, რაც უფრო ბედნიერად იღიმებოდა შაკო, ანეტა მით უფრო ცივად და ორგანიზებულად მოქმედებდა, გონება ისე გაწმენდოდა, როგორც არასდროს, დანა რამდენჯერმე გადაატრიალა და გადმოატრიალა შაკოს მზარდ ბედნიერ გამომეტყველებას არც გაუკვირვებია, მაგრამ ცხელ სისხლს აგვიანდებოდა. ანეტა იძულებული გახდა თვისი შესრულებული სამუშაო შეემოწმებინა, შაკოს თვალებში ცქერას მორჩა და ჭრილობას დახედა... შაკოს სხეულიდან თვალისმომჭრელი სინათლე გამოდიოდა, ლამაზმა ფეხებმა ორი შეშინებული ნაბიჯი გადადგა უკან. შაკოს რაღაც უცნაური ემართებოდა, სინათლე მალე მთელ მის სხეულს მოედო, რასაც თან შიშინი და ელექტრონული ტკაცატკუცი ახლდა. ბოლოს შაკო გაქრა მარტო მისი ღიმილი დარჩა ჰაერში ანეტას უზარმაზარ დანასთან ერთად. ბოლოს ღიმილიც გაქრა და დანაც ხმაურით დაეცა ტელევიზორის თავზე.

ჩვენ უკვე ნამდვილად შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ადამიანთაგან ზოგიერთმა მოახერხა გამხდარიყო მითის ნაწილი, ოღონდაც უკვე სულ სხვანაირი ფორმით. ამ ფორმის წარმოდგენა შუძლებელია მითის ისეთი ნაწილებისათვის როგორებიცაა ინდივიდები და სუბიექტები. ერთი სიტყვით, სხეულში მყოფ ადამიანებს რომლებიც თავიანთ ნეირობიოლოგიურ მექანიზმს ჯერ კიდევ “მე”-ს ეძახიან ამის წარმოდგენა ძალიან გაუჭირდებათ.

ანეტა სახლში დაბრუნდა, იგი დაიღალა, მის სულში (იგულისხმება სუბიექტური ფაქტორი) შეიპარა კოსმოსივით ცივი სევდა, აღარ გიჟდებოდა სექსზე და ხშირად თავისი ტიტანური ქმრის მკერდზე მორჩილად დადებული თავითაც დიდ სიამოვნებას ღებულობდა. ოღონდ, როცა სახლში მარტო რჩებოდა, ბრაზმორეული ცრემლებს იწმენდდა, ფურცლებს გადმოალაგებდა და ცდილობა დაეხატა მრავალთავიანი თუ მრავალტანიანი გველი, გველეშაპი ან რვაფეხა. ხატვისას კი გაბრაზებული და ცრემლმორეული იმეორებდა: “ნაბიჭვარი, ნაბიჭვარი.”

0 Responses to 'მარადისობის მსახური'

Post a Comment