(ინფო-ფსიქოლოგიური მუტანტის მონოლოგი)

ადგილი, სადაც დგას თითოეული ჩვენგანი, მოძრაობს უცხო განზრახვით. ვინაა ადამიანი? რა არის მისი დანიშნულება? ვისაც ამ კითხვებზე პასუხი აქვს, ის არანორმალურია.
მე ვდგავარ იმ ადამიანის წინ, რომელიც მთელი თავისი ადამიანური სამართლიანობით ბოლომდე ამოვსებულა და სამართლიანად მრისხანებს. არავინ არ იცის ამ დროს ჩემი ღიმილის მიზეზი. ადამიანები მიეჩვივნენ ბრძოლას სოციალური სტატუსის მოსაპოვებლად, მიეჩვივნენ, რომ შთამომავლობისთვის უზრუნველყოფილი კომფორტი არის ის საფასური, რის სანაცვლოდაც ჩვენ შეგვიძლია ღირსეულად მოვკვდეთ.
ისე მოხდა, რომ ადგილი სადაც მე ვიდექი სავსე იყო ადამიანურად სამართლიანი მრისხანების ბგერებით, რომლებსაც არ ჰქონდათ მაინცდამაინც კონკრეტული მისამართი, ჩემი ღიმილი კი,ამ მისამართს კიდევ უფრო გაურკვეველს ხდიდა. სიმართლე გითხრათ, ამაზე ყურადღების გამახვილებას არც ვაპირებდი, რომ არა ერთი-ორი ადამიანის შენიშვნა "ეს რა კაცია, ასე უყვირიან და ეს, თითქოს არაფერიო, ისე მშვიდად იღიმება!". შეიძლება ჩემი სიმშვიდის მიზეზი იყოს ის, რომ ხშირად თავი ათასი უაზრობით მაქვს სავსე. მაგალითად, ხშირად ვცდილობ წარმოვიდგინო ხელი, რომელმაც დედამიწაზე პირველი ერთუჯრედიანები და მიკრობები დათესა. ამ მიზნით ვცდილობ დავხატო ოკეანეში მძინარე, ფრთებიანი მონსტრი და ნახატს ქვემოთ მივაწერო: "ქთულჰუ აღსდექ, აღსდექ!" მქონია ღია კამათიც მორალურ დოგმებზე, ასე მაგალითად:

ჭიანჭველების წარმომადგენელი პორნოგრაფიის შესახებ:

"მე მგონია, როცა პორნოგრაფიას რეგულარულად უყურებ, რწმუნდები, რომ ადამიანი ბინძური ცხოველია"

ახლა ამაზე ჩემი პასუხი:

"სწორედაც ცხოველობაზე რომ ამბობს ადამიანი უარს, იმიტომაა საზიზღარი"

წარმომადგენელს ერთი-ორი მხარდამჭერი ემატება და ყველანი ხმაშეწყობილად ებრძვიან ერესს:

"აბა ადამიანმა ცხოველივით უნდა იცხოვროს?"

"ხო. და აღარ იქნება რეგულარულად საზიზღარი"

ამაზე დამცინავ, ღრიანცელისმაგვარ ხმებს გამოსცემენ:

"აუ ამან რომ არ მოხიოს არ შეიძლება რა, მაშინ ხომ მთლად გაქრება პატიოსნება!"

მე ისევ ვიღიმები და ვამბობ:

"რა გინდათ? პატიოსნებას რას ეძახით? ცხოველთა უმრავლესობა წელიწადში ერთხელ ტყნაურობს"

ღრიანცელი წყდება. ერთმანეთს გადახედავენ, ერთი-ორიც ახლოს მოიწევა და კისერს იგრძელებს, დანარჩენები კი ჩუმ-ჩუმად ამბობენ:

"რა გინდა? ისე მართალია!"

არ ვიცი, თუ ამჩნევთ, მაგრამ ამ წინადადებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს სიტყვა - "ისე"

იდეა იმის შესახებ, რომ ადამიანი იგივე ცხოველია მარტო მე არ მეკუთვნის. რაგინდ უცნაურიც არ უნდა იყოს, ასეთი ჭეშმარიტება წავიკითხე წიგნში, რომელსაც ასევე ადამიანური უკუღმართობის გამო "სატანური ბიბლია" ჰქვია.
ჰოდა, სწორედ ეს აზრი მეხმარება განრისხებული და საცოდავად გაღიზიანებული ცხოველის ყვირილს მშვიდად ვუსმინო. მთავარია, იმწუთას საფრთხე არ ემუქრებოდეს ჩემ სიცოცხლეს.

არ ვერიდები მონაწილეობას "სვეტსკი" კამათშიც:

აპოკალიპსოფილი პედაგოგი:

"კომპიუტერი ეშმაკის მოგონილია!"

მე:

"დიახ, ეშმაკი ბევრი კარგი გამოგონების ავტორია"

ოდნავ გაოცებული მზერა და მერე ნახევრადეჭვიანი, გულწრფელი სიცილით ფიქრობს: "იხუმრა ალბათ". ირგვლივ იმდენი შიში და სიძულვილია, ღიმილს აქ განსაკუთრებული და მრავალმნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. უსიტყვო ღიმილს.

თქვენ ალბათ ფიქრობთ "რას უშვები რეპუტაციას?" ახლავე გიპასუხებთ. ბევრ თქვენგანს ალბათ ერთხელ მაინც მოგიწევიათ მარიხუანა. ამ დროს იცვლება თქვენი ცნობიერება. თქვენ იწყებთ მოგზაურობას. სწავლობთ თქვენთვის უცხო მდგომარეობას და შინაგანი ქაოსის შესანიღბად თუ საკუთარი თავის დასამშვიდებლად იწყებთ სიცილს. სიცილი ადვილად გადაედებათ თქვენს თანამგზავრებს შეცვლილი ცნობიერების გზაზე, უკვე ისეთ რამეზე იცინით, რაზეც ფხიზელ მდგომარეობაში არაფრით არ გაიცინებდით. ამ დროს, თუ დაბოლილთა რაოდენობა მინიმუმ სამია, თქვენ მეგობრებთან ერთად ქმნით სხვა რეალობას, რომელსაც იზიარებთ თქვენ სამნი, ნარკოსეანსის განმავლობაში მაინც. შემდეგშიც თქვენ ხშირად გაიხსენებთ ამ ამბავს მსგავსი სიტყვების თანხლებით: "გახსოვს რა მაგარი იყო" და ა. შ. თუ დავსვამთ კითხვას, რა იყო მაგარი? ალბათ არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ თავისუფლების შეგრძნება. თავისუფლების რისგან? თავისუფლება იმისგან, რომ "გამარჯობა"-ზე უნდა უპასუხო "გაგიმარჯოთი" რაიმე შეკითხვაზე კი, დალაგებული და გამართული პასუხით. ამ მდგომარეობაში საკმარისია ადამიანს გამოშტერებული სახით მიაჩერდე, რომ იგი ყველაფერს გაიგებს თქვენ კი ისტერიულ სიცილს ასტეხავთ და იმ სიტუაციაში ეს ნორმალური იქნება.

24 საათი შეშინებული ქვეშევრდომების თვალიერებით შეგულიანებული ბოსი თავისი რეალობის გავრცელებას, ჩვეულებრივი, ადამიანურ-ალკოჰოლური გართობის პირობებშიც ცდილობს. ბოსი ხშირად იმეორებს დასავლური ცნობიერების გამავრცელებელ ტრენინგებზე გაგონილ სიტყვა-შაბლონებს როგორებიცაა: "პრობლემა უნდა გადაწყდეს", "შედეგზე ორიენტირებული" და მაინც სწრაფად რეაგირებს ძლივს გასაგონად ნათქვამ სიტყვებზე "შიში და სიძულვილი ლას ვეგასში". მას ხომ წარმოდგენა არა აქვს, რომ მოგზაურობა ამერიკული ოცნების გულში ძალიან სახიფათოა და თითოეული ჩვენგანი სასწორზე აგდებს თავის სიცოცხლეს.

"შიში და სიძულვილი კი არა, შენი მეშინია შვილო მე ზუსტად იქ..." (დამრიგებლურ-მზრუნველი ტონი)

ამის პასუხად მე ისევ ვიღიმები და სახლში ფეხით მივდივარ მთვრალი. ამბობენ ფეხით სიარული ჯანმრთელობისთვისააო მარგებელი.

მაშ ასე, მეგობრებო, სად ვპოულობ მე ადამიანებს ვინც მხარს დაუჭერს ჩემს უცნაურ ღიმილს და ფსიქიკურ ჯანმრთელობას მაშინ, როცა ჩემი ქცევა აშკარად არაადეკვატურია იმ ადამიანთა თვალსაზრისით, ვინც მიჩვეულია დღეში ათჯერ მოკვდეს ზემდგომის ყვირილზე და დემორალიზებულმა ეცადოს უპირობო ბრძანებების შესრულებას, შიშით, რომ სამსახურს დაკარგავს?
არც მეტი, არც ნაკლები, ვირტუალურ ურთიერთობებში.
წარმოიდგინეთ, მე მივაგენი ათობით ადამიანს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ქთულჰუს აღდგომით, ალტერნატიული სოციალური ქსოვილის შექმნით, რითაა მარიხუანაზე ნაკლები? შენ შეგიძლია იყო პოსტ-სოციალური ეპოქის აგენტი, დროში მოგზაური და სრულიად ლეგალური გიჟი, როცა მხარს გიჭერს სამ ადამიანზე მეტი, რომლებთანაც ცვლი ინფორმაციას და იზიარებ ალტერნატიულ რეალობას. ვითომ არ გაქვს გაღიმების მიზეზი? მე ვიტყოდი, მეტიც - გაქვს გულწრფელი სიხარულის მიზეზი, შენ შეგიძლია გიხაროდეს ახლა და აქ. ამას თან დაურთე ახალი მითოლოგია. კომპიუტერის და გლობალური ქსელის მარაზმატიკული კავშირი მეორედ მოსვლასთან. მითები აგენტებზე, მასონებზე, მაღალ სამთავრობო საიდუმლო მანიპულაციებზე. მე მმართავს ცოდნა და ინსტინქტები, რომლებზეც ადამაინები მაღალფარდოვნად ამბობენ უარს. რის გამოც განიცდიან შიშს და სიძულვილს. ვხედავ ახალი ტალღის ფაშისტურ მიდრეკილებას, ვ ი ღ ი მ ე ბ ი და ვამბობ: "ჩემდა თავად, თქვენზე ნაკლები ფაშისტის დედა მ...." ვირტუალური ურთიერთობები თანამოაზრეებთან, ძლიერად რეზონირებს შიშთან და სიძულვილთან, რომლითაც ადამიანური ადამიანები იტანჯებიან. ასე რომ გაუღიმეთ ქთულჰუს, "აი! აი! ქთულჰუ ფჰთაგნ!" გაუღიმეთ საკუთარ თავს, გაუღიმეთ ტელევიზორისფერ ცის ანგელოზებს, გაუღიმეთ მარადისობის გზაზე მათ, ვინც უკან რჩება, ვინც იძირება, გაუღიმეთ და ააცოცდით თავზე მათ, ვინც უძრავად დგას. ქთულჰუ! აღსდექ! აღსდექ! მე ვიმეორებ ამ სიტყვებს ჩემს ნახატებში, მმართავს B-MASHINA და ჩემი გამარჯვებისთვის არ მჭირდება გმირობის ჩადენა. პრიხოდი ნელ ნელა მოდის, მას მხარს უჭერს დიდი წინასწარმეთყველი თიმის მოძღვრება და დღევანდელი ეპოქის ვიბრაციები. იმედი მაქვს, ერთ მშვენიერ დღეს, შენ ამოიცნობ ჩემს ღიმილს და თვითონაც გაიღიმებ.

0 Responses to 'ღიმილი'

Post a Comment