კომფორტი ამშვიდებს გონებას. მე არ ვიცნობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ კომფორტი ამშვიდებს სულს. თეთრი ფარდები, კაფელი, კარგად მოწყობილი სამზარეულო, ლამაზად შეღებილი ოთახების საკმარისი რაოდენობა, ანგარიში ბანკში. რაღაა სანერვიულო? პირდაპირ შეგიძლია ხელები გულზე დაიწყო. კუბოზეც იზრუნებენ, თუ მოახერხებ და წესიერ შვილებს გამოზრდი. არ გიფიქრიათ, როგორი გამომეტყველება გექნებათ შიგნით? აჰ, ეს თქვენი გონების და შეიძლება სულის სიმშვიდესაც დიდ საფრთხეს უქმნის, არა? მოკლედ, ვისაც ამ სიმშვიდის შენარჩუნება გინდათ, გირჩევთ, კითხვა აქ შეწყვიტოთ.

არსებები

ცხოველების მკვლელი - წარმოადგენს არსებას, რომელიც ხშირად თან ახლავს “ცოლ-ქმარს”. უმეტესად იგი ტანად მომცროა, თუმცა, გვხვდებიან დიდებიც. იგი კლავს ცხოველებს და მათი მოკვლისას აშკარად განიცდის რაღაც არანორმალურს. სასიკვდილოდ ცემს, მაგალითად ძაღლს. ესმის რა, მისი თავგანწირული წკმუტუნი, სიბრალულით უახლოვდება, მაგრამ უეცრად ახსენდება ძაღლის გამომეტყველება, როცა არმატურის რკინას პირში ჩრიდა. ცხოველი კივილნარევი ხმით უღრენდა. “ვძულვარ” ფიქრობს და აგრძელებს მის წამებას.
თქვენთვის იგი შემდეგ საფრთხეს წარმოადგენს: თუ შეამჩნია, რომ არ ჰგავხარ ცოლ-ქმარს, მოვა და წამახულ არმატურას ჩაგარჭობს, მერე კი, კარგად დაგაკვირდება. თუ შებრალებას სთხოვ, მაშინ შეამოწმებს, რამდენ ხანს მოახერხებ ამის გაგრძელებას. თუ უცბად შეუღრენ, შეეშინდება, მერე გაიბუტება, აქაოდა ეს რატომ გამიკეთეო, და თუ პატიებას არ სთხოვ, ბრაზდება და ცდილობს გაგანადგუროს, თუმცა გზადაგზა ამოწმებს ხომ არ შეურიგდი, ხომ არ უცქერ სიყვარულით სავსე თვალებით.
ოპტიმალური იარაღი მის გასაუვნებელყოფად არის 1 და 3

ცოლ-ქმარი - ძლიერი მოწინააღმდეგეა. უმეტესად გვხვდებიან შენობებში, მოქმედებენ წყვილად, განსაკუთრებით საშიშია მათი იარაღი, რომლის მეშვეობითაც მათ შეუძლიათ შენი პარალიზება, მერე სპეციალური ვირუსის შეშხაპუნება, რომელიც მთლიანად შენს სხეულს ან მის რომელიმე ნაწილს ტკბილ ტორტად გადააქცევს, ხშირად ისინი ერთმანეთსაც ამახინჯებენ ამ ვირუსით და მერე მიირთმევენ. ამიტომ ხანდახან მათ ცხვირი, ყურები და ზოგჯერ კიდურებიც კი აკლიათ. სანახაობა შემზარავია.
მათ გასანადგურებლად ოპტიმალური იარაღია 1 და 3

თეთრი სინათლე - უცნაური ირეალური არსება, რომელსაც არ გააჩნია კონკრეტული ფორმა, სავარაუდოდ აქვს ავტონომიური ცნობიერება. იგი უშუალოდ თავს არ გესხმის, მარამ წარმოადგენს პორტალს, საიდანაც შეიძლება გამოვიდეს ყველა ტიპის არსება. არსებების წარმოდგენაში არის აზრი, რომ ისინი შეიქმნენ თეთრი სინათლის ხატად და მსგავსად. თეთრი სინათლე გვხვდება მაღალ შენობებში, სადაც არსებები სავარაუდოდ სალოცავად დადიან. უშუალოდ მისი განადგურება შეუძლებელია, მაგრამ თუ დაინახავთ, მისგან აუცილებლად გამოვა ცოლ-ქმარი ცხოველების მკვლელთან ერთად, შეიძლება გამოვიდეს რაინდი-ქურდიც, ან რაინდი-საკანცელარიო. სამართალდამცავების ან მზარეულის თეთრი სინათლიდან გამოსვლის შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა.

სამართალდამცავები - არიან ზრდილობიანები, დადიან თეთრი მანქანებით, ისინი საფრთხეს არ წარმოადგენენ მანამ, სანამ არ დაარღვევ არსებებს შორის საერთოდ მიღებულ წესებს. მაგრამ თუ ისინი ეძებენ მზარეულს, მაშინ მათთვის სულერთია ვინ ჩაუვარდებათ ხელში. იმის გამოცნობა, თუ როდის ეძებენ მზარეულს შემდეგნაირად შეიძლება: სამართალდამცავებს მანქანაზე უდევთ გემრიელად შეკმაზული ხორცის ნაჭრები, რომლებზეც ჩამოკიდებულია მუყაოს ბარათები სახელით და გვარით. ისინი გაჩერებენ, გეკითხებიან იცნობდით თუ არა ამ ადამიანს და მიგითითებენ ხორცის ნაჭრებზე. მერე დაწვრილებით აგიღწერენ საზარელი მკვლელობის სურათს, დაგაპატიმრებენ და თვითონვე ჩაგაგდებენ მზარეულის ხელში.
მათ გასანადგურებლად ოპტიმალური იარაღია 2 და 3.

მზარეული - არსებათა სოციალური სისტემის საკმაოდ მაღალი იერარქიის წარმომადგენელი, რომელსაც ყოველთვის ეძებენ სამართალდამცავები და ვერასოდეს ვერ პოულობენ. იგი ქმნის სიამოვნების სხვადასხვა რეცეპტებს, ამზადებს სხვადასხვა ნივთიერებებს, მათ შორის ვირუსებს ცოლ-ქმრისათვის, აწყობს წვეულებებს, ყიდის სხვადასხვა სახის აკრძალულ სიამოვნებას. შეუძლია ადამიანების გადაქცევა ხორცის ნაჭრებად და მათი მადისაღმძვრელად შეკმაზვა. თქვენმა გზამ შეიძლება მიგიყვანოთ მის რეზიდენციაში, და თქვენ მოგიხდებათ ათობით წყვილი ცოლ-ქმრის, ცხოველების მკვლელის და სამართალდამცავის განადგურება. მზარეული თვითონ ძალიან ძნელი მოსაკლავია, ფლობს ყველა იმ არსების გამანადგურებელ შესაძლებლობებს, რომელიც ზემოთაა ჩამოვთვლილი.
მის გასაუვნებელყოფად გამოიყენეთ მხოლოდ იარაღი 3. იარაღები 1, 2, 4 და 5 მასზე არ მოქმედებს.

ბაზარი-სიზმარი – მოვლენაა. ჯერჯერობით დაუდგენელია რომელ არსებას ძალუძს მისი გამოწვევა. უფრო ხშირად, იგი თავს იჩენს მაშინ, როცა ცოლ-ქმართან ბრძოლის დროს პარალიზებული აღმოჩნდებით. თქვენ ხედავთ საშინელ წითელ სცენას, იგი ჰგავს ბაზარს, სადაც ადამიანები შიშვლები სხედან ბინძურ ადგილებზე და წინ უდევთ რაღაც ნივთები. ზოგი მათგანი შეიარეღებულია ჩაქუჩით, ზოგიც ნაჯახისმაგვარი დანით, ისინი სავაჭრო ტერიტორიისთვის ებრძვიან ერთმანეთს. ჩაქუჩიანები ცდილობენ მოწინააღმდეგეს კბილებში ჩაარტყან თავიანთი იარაღი, დანიანები კი უმოწყალოდ უფატრავენ გვერდებს იმათ, ვინც წინ უზით და მათ საქონელს ეფარება. წინ მჯდომი კი, თავის მხრივ, ფეხს ჯიბრზე არ იცვლის, მიუხედავად იმისა, რომ ძირს მისი საკუთარი ხორცის მოზრდილი ნაფლეთები ცვივა. ასეთი ხილვა მალე მთავრდება, თუ გაგიმართლათ და უვნებელი გადარჩით, თავს აუცილებლად დაგესხმიან ბლომად ცხოველების მკვლელები და რაინდი-ქურდი. ან გაიღვიძებთ, თქვენი ხელი ან ფეხი კი, უკვე ტორტია და მას ცოლ ქმარი მიირთმევს. თქვენ კი, ამ დროს, გრძნობთ ჭკუის დაკარგვამდე სასიამოვნო ქავილს. ყოველ შემთხვევაში, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოხდება.

რაინდი–ქურდი - ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ადამიანია. საშიშია იმით, რომ საერთოდ არ გამოირჩევა ბრბოსგან. შეუძლია ძალიან მშვიდად ამგოთხაროს თვალი, მერე ასევე მშვიდად შეეცდება აგიხსნას თუ რატომ გააკეთა ეს, დაგიმტკიცებს, რომ ამაში დამნაშავე შენ თვითონ ხარ. უცებ მის ირგვლივ თავს იყრიან მზარეულები, ბლომად ცხოველების მკვლელები და, უკვე იშვიათად, მაგრამ მის გვერდით გვხვდება რაინდი-საკანცელარიო (როგორც ირკვევა, ბოლო დროს რაინდ-ქურდებს და რაინდ-საკანცელარიოებს შორის დიდი გაუგებრობაა).
მის გასანადგურებლად საუკეთესო იარაღია 4. იარაღები 1 და 5 მასზე არ მოქმედებს.

რაინდი–საკანცელარიო - წარმოადგენს რაინდების ახალ თაობას. მათი მთავარი იარაღია კაბინეტი და ფურცლები, რომლებსაც წამის რაღაც ნაწილში ისე პრესავენ, რომ მისგან მიიღება მყარი სუბსტანცია, რომელსაც ისინი ძალიან დიდი სიმძლავრით ისვრიან, დაახლოებით ისე, როგორც ტყვიას. თუ მოახერხეს და გულში გაგარტყეს, იატაკზე დაღვრილ სისხლს აიღებენ და ამ სისხლით ხუთჯვრიან დროშებს ხატავენ. მათი კაბინეტები მორთულია ასეთი დროშებით და ხშირად ლოზუნგებით: “FROM SUPERSTARS TO THE ANTI-CHRIST”
მათ გასაუვნებელყოფად საუკეთესო იარაღია 5, კარგად მუშაობს 1-იც და ყველა დანარჩენი 4-ის გარდა. შეგიძლია აიღო და ატარო დროშა თუ მასზე შენი სისხლია.

სარკე – უცნაური ნივთი, რომელშიც უნაკლოდ ზუსტად ირეკლება გამოსახულებები. მასზე ზემოქმედება მხოლოდ შიშველი თითის ბოლოებით შეიძლება. იგი თავს არ გესხმის, მაგრამ, როგორც ჩანს, მასზე ზემოქმედება წარმოადგენს ამ თამაშში თქვენ მიზანს.



ომი ომისთვის
(ძალიან მოკლე ფილოსოფია)

არსებებს შორის არ არსებობს კეთილგანწყობა, ამიტომაც კიდეც რომ წარმოადგენდე ამ არსებათაგან რომელიმეს, შენთვის გარდაუვალია ომი, მე პირადად ვამჯობინებ ომს ომისთვის ყოველგვარი პირობის და პოზიციის გარეშე, სხვანაირად ჩემთვის ეს იქნებოდა ლოდინი და მერყეობა, ასე რომ: STAND UP AND FIGHT!

იარაღები

1.სამარის სურნელი – წარმოადგენს დაკრძალვის პროცესის ამსახავი ჰოლოგრამების გამშვებ მექანიზმს, ამავე დროს, ისვრის დაგუნდავებულ ნაკელიან მიწას და მწვანე პლაზმას, რომელიც საფლავის თავზე დამდგარი ნისლით მიიღება. იგი ატერორებს ცხოველების მკვლელს, წამლავს და ანადგურებს ცოლ-ქმარს.
2.ერთ დარტყმიანი ლოგიკური დეზორიენტირი – მოგრძო ნივთია, ბოლოში სპეციალური შპრიცით, რომლის მეშვეობითაც ხდება მოწინააღმდეგის ტვინში სპეციალური მიკროჩიპის შეყვანა. მას მწყობრიდან გამოყავს ტვინი და აწყვეტინებს მოწინააღმდეგეს თქვენ დევნას. საჭიროა მისი დამიზნება ზუსტად თვალებს შორის. თუ ერთი დარტყმით წარმატებას ვერ მიაღწიეთ აჯობებს იმოქმედოთ იარაღი 3-ით.
3.დრაბავიკი – ჩვეულებრივი საფანტიანი თოფია, საკმაოდ მძლავრი.
4.მაიაკოვსკი – იარაღი, რომელიც ისვრის თვითდამიზნებად მომცრო რაკეტებს. რაკეტები დაპროგრამებულია სხეულზე წელს ქვემოთ ხვრელების საძებნად.
5.პოპ ინდუსტრია – ძლიერი ხმაურის გენერატორი, რომელსაც შეუძლია თავი მოუყაროს ათას უსაქმურს დროშებით, ტრანსპარანტებით და რუპორებით. ასეთი ხმაური დიდ გავლენას ახდენს რაინდ-საკანცელარიოზე. აპატარავებს და აქრობს მას.
6.შიშველი ხელის თითის ბოლოები – ეს არის იარაღი, რომელიც შეიცავს ამოუცნობ ძალას და, როგორც ჩანს, თამაშის ფინალურ ეპიზოდში მოთამაშემ თვითონ უნდა მოუძებნოს მათ გამოყენება.


ეპიზოდები

თანმიმდევრობის მნიშვნელობა დეკორატიულია და ამ ეფექტის შესაქმნელად იძულებული ვარ თამაშს მივცე დასაწყისი.

1.გამოღვიძება
პირველი ეპიზოდი იწყება გამოღვიძებით. შენ გამოდიხარ სენსორული დეპრივატორიდან, რომელიც დაბადების დღეზე გაჩუქა ვიღაც დეიდამ, ვისი სახელიც უკვე აღარ გახსოვს და ხედავ ოთახში როგორ ჭამს ერთმანეთს ტორტად გადაქცეული ცოლ-ქმარი, შეშინებული გარბიხარ ქუჩაში და უყურებ როგორ აწვალებს ძაღლს პატარა ცხოველების მკვლელი, რომელიც მერე შენ გამოგედევნება წაწვეტებული არმატურით. გარბიხარ და რაღაც დანგრეულ, ხის შენობაში პოულობ დრაბავიკს. აღმოაჩენ, რომ მთელი ქვეყანა მოწამლულია როგორც RESIDENT EVIL – ში, დიდი სისხლიანი მოგზაურობის შემდეგ კი, მოხვდები შედარებით უკაცრიელ ადგილზე – სასაფლაოზე.

2.მაგია, მაგია
მეორე ეპიზოდი ყველაზე დიდია. სასაფლაოზე შენ იძინებ და გაქვს ხილვა, სიზმარი-ბაზარი. ყვირილით იღვიძებ. ერთ-ერთი საფლავიდან ამოდის მშვენიერი ცისფერთვალება ქალი, გიყვება ამბებს თავის ცხოვრებაზე და მეცნიერ მამამისზე, რომელმაც ყველაფერი, რაც დღეს ხდება, წინასწარ გათვალა და იწინასწარმეტყველა. გოგონას სახელია ისტორია. იგი მოგცემს ყველა დანარჩენ იარაღს და ინსტრუქციებს, თუ როგორ უნდა იმოქმედო, ოღონდ გარკვეული თანმიმდევრობით და სხვადასხვა ინტერვალებით – გააჩნია როგორ განავითარებ თამაშის სცენარს.

3.ჰქმენ რაც გსურს
ბოლო ეპიზოდი არის ერთმოქმედებიანი (ანუ ერთი მოქმედებით უნდა გახსნა რთული თავსატეხი-Quest-ი) და ძალიან იდუმალი. მას შემდეგ, რაც შენ რამდენჯერმე გაივლი გზას ქალაქსა და სასაფლაოს შორის, ისტორია გატყობინებს, რომ უნდა სრულჰყო ის, რაც იქნა წამოწყებული. მას ჩაყავხარ სამარეში, რომელიც სინამდვილეში პატარა, სუფთა და კარგად განათებული დარბაზის ჩასასვლელი აღმოჩნდება. დარბაზი სავსეა მონიტორებით, რადარებით და საერთო ჯამში წარმოადგენს ან სათვალთვალო შტაბს, ან რამე პარანორმალურ ლაბორატორიას. ისტორია პატარა ტახტზე ჯდება და გადაიქცევა უცნაურ სარკე-მონიტორად, უფრო სწორად სარკედ, რომელზეც შეერთებულია ათასგვარი ელექტრონული მოწყობილობა. ერთ-ერთ მონიტორზე გამოტანილია სია, სახელით: “გასეირნებათა ჩამონათვალი”, მასში ჩამოთვლილია რაღაც თარიღები რომელთა გასწვრივ არის სიტყვები: “რომანტიკოსი #92, რომანტიკოსი #93....” და ა. შ. თარიღებს შორის ინტერვალი ცხრილში ზოგან 1000 წელზე მეტია, ზოგან კი რაღაც თვეები, ამ ოთახში უიარაღოდ იმყოფები, სცენარის შემდეგი განვითარება კი, ყველასთვის უცნობია. ჩემთვისაც კი.

0 Responses to 'დიდი მერყეობა'

Post a Comment