(ექსპერიმენტების ლეგალური უფლების დეკლარაცია)
1. კაცობრიობას ჯერ კიდევ ვერ უპოვია დროსთან გამკლავების უკეთესი საშუალება ვიდრე ომია. ადამიანმა დაკარგა კავშირი კოსმოსთან, რადგან იგი მიეჩვია ცდების ჩატარებას ისე, რომ კოსმოსურ დონეზე დაყენებულ ექსპერიმენტში თავის თავს აღარ მიიჩნევს საცდელ ცხოველად.
2. იდენტიფიკაცია ზოგად და მარადიულ პრინციპებთან, სასარგებლოა იმისთვის, რომ გვქონდეს სუფთა კავშირი სამყაროს განზრახვასთან.
2.1. ლაბორატორია არის სამყაროს განზრახვა.
2.2. ჩვენ ვართ ლაბორატორია.
3. ჩვენ გვჯერა, რომ ლაბორატორია არსებობდა მანამ სანამ ჩვენ ამის შესახებ გავიგებდით, გვჯერა, რომ საქართველოში არსებობს ლაბორატორიის უამრავი წევრი და მათ არ იციან ამის შესახებ. ლაბორატორიისთვის მისაღებია ყველა.
3.1. ჩვენ გვყოფნის იუმორის გრძნობა და თანახმა ვართ გამოყენებული ვიყოთ ზოგადი პრინციპის მიერ მისი მიზნებისთვის.
3.2. ჩვენ არ ვიცით სადაა ზღვარი ყოველდღიურ სამყაროს და წარმოდგენებს შორის, და არის თუ არა ასეთი ზღვარი საერთოდ.
3.3. სიკვდილი მიგვაჩნია უტაქტო გამოხდომად, მიუხედავად ამისა ვაღიარებთ მას ერთადერთ საუკეთესო მრჩეველად ზრდილობის და ძალის საკითხებში.
4. ჩვენ გვსიამოვნებს ფლირტი მარადისობასთან. ასე ვთქვათ – მიწაზე მოგვაქვს საჩუქრები რომელსაც გვთავაზობს ქაოსთან კონტაქტის პერსპექტივა.
4.1. ვაწესრიგებთ ტრანსცენდენტულ მდგომარეობაში მიღებულ გამოცდილებას. ვცდილობთ წამით მაინც ჩავახედოთ პირდაღებული, საშინელი და იდუმალი სამყაროს ქაოსში, ვინც ამას საჭიროებს.
4.2. შეგვიძლია შეკრებების მოწყობა, ჩვენი სურვილების და იდეების მარტივ და გასაგებ ენაზე გადმოცემა. ამ იდეებს და სურვილებს შორის ზოგადი პრინციპის აღმოჩენა.
4.3. გვაინტერესებს და უნარი გვაქვს გამოვიყენოთ პირდაპირი და ირიბი შთაგონების ტექნიკა. ხელი მიგვიწვდება ამ ტექნიკის რეალიზების შესახებ არსებულ სახელმძღვანელოებზე. ჩვენ შეგვიძლია ნეიროლინგვისტური პროგრამირების შესახებ არსებული ინსტრუქციების კითხვა. წაკითხული იდეების გაგება, ჯგუფური და ინდივიდუალური პრაქტის მეშვეობით მათი რეალიზაცია.
5. ჩვენ გვაქვს ერთმანეთთან კომუნიკაცია ინტერნეტით, ჩვეულებრივად პირისპირ ან უბრალოდ ჩვენ წარმოდგენებში(იხ. 3.2.). ჩვენ ერთმანეთს მხარს ვუჭერთ სუბიექტურში, ამიტომ აზრი არააქვს რამდენი ხნის ნაცნობობა გვაკავშირებს, როგორი წარსული ჰქონდა ლაბორატორიის წევრს და რამდენი კილომეტრი გვაშორებს ერთმანეთს. ერთობის ეს გრძნობა, ქმედითია და სასარგებლო იგი გულისხმობს ერთგულებას ზოგადი პრინციპისადმი პიროვნებისადმი ერთგულების ნაცვლად. ამრიგად ჩვენ წარმოვადგენთ ერთ მთლიან სხეულს და არა ერთ გუნდს.
6. გარემო რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით ექსპერიმენტებისთვის იდეალურია. ჩვენს ირგვლივ არის ყველაფერი რაც საჭიროა ცდებისთვის. გარეთ მოიპოვება რესურსები. მოწყენილი ბრბოებით სავსე საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან, უკაცრიელ ტყეებამდე, ველებამდე და მდინარეებამდე. პრეტენზიული და ქარიზმატული ტიპების ირგვლივ თავმოყრილი მომიტინგეებიდან, საკუთარ სახლში და თავში გამოკეტილ აუტისტებამდე. სასარგებლოა ყველაფერი რასაც ვხედავთ, რაც გვესმის და რასაც ვგრძნობთ.
0 Responses to 'ლაბორატორიის აპოლოგია'
Post a Comment