ჰაერი სავსეა ენითაუწერელი სიმშვიდით, ყველგან ცაა, ზემოთ, ქვემოთ, ირგვლივ. აქ არ ჩანს ჰორიზონტი, მხოლოდ გამჭვირვალე ღრუბლები. ხანდახან ჰაერში რაღაც ხდება, თბილი დინება იგრძნობა და შორს ქვემოთ გამოჩნდებიან უცნაური არსებები. გეგონება რომ ისინი ცოცხლები არიან, მშვიდად მიფრინავენ ერთი მიმართულებით, მათი ფრენა კიდე უფრო ადუმებს ირგვლივ გამეფებულ სიჩუმეს. აკაციის ტოტები, თუარა ხეები ჩუმად მიფრინავენ გაფოთლილი ნაწილით წინ, ყოველ მათგანს უკან გამობმული ქათქათა ხალათი მიჰყვება, რომელიც ოდნავშესამჩნევ ნიავში ჰაერით მსუბუქად იბერება და შთამბეჭდავ მოძრაობებს აკეთებს, ალბათ ძალიან მსუბუქი ქსოვილია. მსგავსი გადაფრენები დროდადრო მეორდება, ჩვენ მათ ყოველთვის ზემოდან ვუყურებთ, ძნელი სათქმელია ვინ ვართ, მაგრამ ერთი უეჭველია - გვაქვს საცხოვრებელი კომპლექსი. კოლიზეუმის მსგავსი მავალსართულიანი სახლი, რომლის ცენტრშიც ცა მოჩანს. იქედან ჩვენი სახლის ბინძური წვენები მიწვეთავს სუფთა ჰაერში, ვიღაცა აივანზე სარეცხს ფენს, არ ვიცით ვინაა, ალბათ რაღაც დაავიწყდა ან უფრო სწორედ მეხსიერების რაღაც ფრაგმენტი შემორჩა, არ უნდა მთელი სურათი დაინახოს და ერთ ნაგლეჯს ებღაუჭება. ჩვენ კი არაფერი გვახსოვს, კიბეებზე დავრბივართ, დროდადრო ეზოს შიდა საზღვარზე ჩამოვჯდებით და ვუყურებთ, როგორ დაფრინავენ ქვემოთ აკაციები.

სახლი მიტოვებულია თუმცა კარგად მუშაობს წყლის გაყვანილობა, ყოველშემთხვევაში წყალი ყოველთვის მოდის, დერეფნები ბნელია და ცარიელი. მხოლოდ ჩვენ ვართ, დროდადრო უზრუნველელად მორბენალი ბავშვების ნაბიჯები ისმის მეტი არაფერი, თუ ამას არ ჩავთვლით და მრეცხავს რომელიც ხანდახან აივანზე სარეცხს ფენს, სახლი უკაცრიელია. არვიცით შეიძლება ისიც დაფრინავს.

მრეცხავი ვერ გვამჩნევს, ჩვენ კი ხშირად ვაკვირდებით მის მონოტონურ საქმიანობას. საინტერესოა ვისზე ზრუნავს, რატომ ჩაიციკლა ამ საქმეზე, და არ უნდა ჩვენთან ერთად ითამაშოს. აქ შეიძლება ბევრი რამ ცოტა უნცნაურია მაგრამ ერთი ზუსტია - უკვე ყველაფერი მორჩა. ჩვენი მეზობელი კი ამას არ ეგუება ჩვენგან განსხვავებით მას აქვს სახე და სხეული, ცოტა სევდიანი მაგრამ მაინც ძალიან ლამაზი. იგი თითქმის ერთსადაიმავე მოძრაობებს აკეთებს დროდადრო, მაგრამ ჩვენთვის ყოველთვის საინტერესოა მისი ცქერა.

ნივთები, ამ სახლში ბევრია, მათ შორის რატომღაც ფერადი სათამაშო ბურთები ჭარბობს, მაგრამ ისინი გახუნებულია, ზოგს ხავსიც მოსდებია, ზოგის ზედაპირი კი გამომშრალია და დამსკდარი. საერთოდ აქ ბევრი მცენარე იზრება. კედლები სულ დაფარულია ზოგიერთ დერეფანს ბოლომდე ვერც კი გაივლი. არის ოთახები სადაც არასოდეს შევდივართ, მათთან მიახლოვებისას უცნაური რამეები ხდება, ხშირად ჩურჩულიც ისმის, თითქოს თვითონ ჰაერი იწყებს ჩურჩულს ”რატომ აგროვებთ აკაციის ფოთლებს აააააააააააააააა” და ეს გაბმული ”ა” ნეიტრალური ტონიდან ნელნელა მუქარად იქცევა, ჩვენ შიშს ვეღარ ვგრძნობთ, მაგრამ არ გვინდა ვინმე შევაწუხოთ, ამიტომ ასეთ ადგილებს არ ვსწავლობთ. ძნელი სათქმელია რა არის აქ ნივთი და რა არის არსება. თუმცა ჩვენ ჩვენი ტერიტორია გვაქვს, ადგილები, რომლებსაც კარგად ვიცნობთ.

ჩვენ ვიცით, რომ აქ არ მოხდება რამე ისეთი რაზეც შეიძლება თქვა ”ერთხელ” ან ”ერთ მშვენიერ დღეს” აქ სიმშვიდეა, აქ ყველაფერი მორჩა, ჩვენ მხოლოდ მრეცხავი გვიყვარს და როცა აკაციები არ მიფრინავენ მას ვაკვირდებით.

0 Responses to 'მფრინავი აკაციები'

Post a Comment