ლატექსის მილები, რთული სამედიცინო მოწყობილობები სიცოცხლის მსგავსად კიდევ უფრო რთულდება. ერთ-ერთი ასეთი მილის გადაჭრა… ჭიპლარი… მილმა თავის ფუნქცია ამოწურა, როგორი ემოცია შეიძლება გამოიწვიოს ასეთმა ჭრილობამ? გადანაჭრელზე უღონოდ დაკიდებულ მოშვებულ კუნთებს ბინძური წყლის ჭავლები ფაფუკად ათამაშებს. აქვეა სიკვდილიც, ზანტად დამშლელი და ყველგანმყოფი. ხილვა რაგინდ საშინელი იყოს, თუ ჩანს ესეიგი მას სინათლე ეცემა. ასე ადვილად ვტოვებ ბიოლოგიას და სინათლის წყაროს ვეძებ. ამ აზრს აუცილებლად ვარსკვლავებამდე მივყავარ.

თვალდახუჭულ მდგომარეობაში ნანახი სინათლე, ოთახის სინათლესთან შედარებით, გაცილებით უფრო ინტენსიურია. ვხვდები, რომ იგი აღარაა მარტო ფიზიკური მოვლენა. უკვე იმაზე ვფიქრობ, რას ნიშნავს სიტყვა ”გონების შუქი”. სამყაროში სინათლის წყაროდ ალბათ ვარსკვლვები ითვლება. თუმცა ისიც ხდება, რომ ისინი შავ ხვრელებად იქცევიან და მერე სხვა ვარსკვლავებს ნთქავენ. გონების შუქი. რას შეუძლია შავ ხვრელში ჩახედვა? სამყარო ტელევიზორის ეკრანივითაა. იგი RGB-სისტემის მონიტორზე მანათობელი წეტილების მსგავსად უმცირესი ნაწილაკებისაგან შედგება. ტვინი თვითონ წარმოქმნის ფერებს და ფერთა კომბინაციებს იმისათვის, რომ მე გავერთო. გონების შუქი სუფთა წყალივითაა - იგი სუფთაა... აღარ ღირს რაიმე კოშმარში ან სასიამოვნო განცდაში გაბმა... მე მოხალისედ უნდა წავიდე... სიცარიელეში... დასასვენებლად... დასასვენებლად და არა რამის მოსაძებნად.

ცარიელი შუქით სავსე ბროლის ბურთულები ერთმანეთს ეხებიან და საოცარ ხმებს გამოსცემენ. მათი ზედაპირი სინათლის სისწრაფით ბრუნავს, ნებისმიერი მოვლენა ან ნივთი, რომელიც მათ შორის გატარდება ბოლომდე ამოხსნილია და კიდევ დიდხანს ტოვებს კვალს დამატებითი კომენტარებისთვის. მეც ადვილად ვწერ ფორმულებს. ქუჩა სველია და ნაცრისფერი ღრუბლებით დამძიმებული ცა მთელ ქალაქს ომის საშინელებასავით თავზე აწევს. მე ნაცრისფერი ფიზიკოსი ვარ. თავზე ცილინდრი მახურავს და შეყვარებულს წერილს ვწერ. ”...ვერ წარმოიდგენ რამდენად საინტერესოა მათი მოქმედება ისინი სუფთა გონებასავით არიან ფეთქავენ და როგორც ჩვენ - ერთმანეთს ძალდაუტანებლად ეკვრიან. არ მესმის, როგორ უნდა მოიწყინო, როცა ეს იცი. ამ ქალაქში კი ერთ გაღიმებულ სახეს ვერ დაინახავ... ნუთუ ეს ომი ასე მნიშვნელოვანია?!.”

დღეს გადავწყვიტე ისინი მარიხუანასთან ერთად მიმეღო. ცვლილებები სოციალურ ქსოვილში აშკარაა. ბავშვებმა შეამჩნიეს ჩვენი მდგომარეობა, გაჩუმდნენ, ფეხაკრეფით დაიწყეს სიარული და ჩურჩულით ლაპარაკობდნენ. ცოტახანში ეს ჩურჩული მათი ქცევისადმი განსაკუთრებულობის მინიჭების სურვილით აღიბეჭდა. ჩურჩულის შინაარსიც რაღაც უაზრო გახდა და ათასჯერ გამრავლდა, ჩურჩულებდნენ კედელზე მორიალე ჩრდილებიც, თვითონ კედლებიც. მთელი სახლი ჩურჩულად გადაიქცა. გამიჩნდა შეგრძნება, რომ ვიღაც მეძებს, მპოულობს და განსაკუთრებულ ოთახში მათავსებს. წამების საცოდავი იარაღები. ამათ, როგორც ჩანს, ჯერ წამების ქიმიური მეთოდები არ იციან. თუ წამებაა – წამება იყოს! ეს საცოდავი ხრიკები რა მოსატანია. უცებ მთელი ჭერი რაღაც ბასრკბილანებიან მბრუნავ მანქანად გადაიქცა და ისე ადვილად დამაქუცმაცა, რომ შესრულებული სამუშაოთი კმაყოფილი დავრჩი... ახლა საით წავალთ? სინათლე! ფორმულა ერთია: იმას, რაც ჩანს, სინათლე ეცემა,(არავითარი ”ყვითელი აგურის გზა”) ეძებე სინათლის წყარო!

ასე შეიძლება არსება გავხდე - ვისი ცოდნაც ადამიანების ცოდნაზე უსასრულოდ ძველი იქნება და მათთვის მიუღებელი. მეყოლება მეგობარი, რომელსაც სპეციალურ ტელეპატიურ არხზე ისევ ფორმულების შესახებ გავუგზავნი ენერგეტიკულ შეტყობინებებს: "...რამდენიმე ასეული წელია საჭირო იმისთვის, რომ მათ ეს თავიანთი მონოტონური მეტყველების ჩარჩოში მოაქციონ..." იგი არსება იქნება. ჩვენ შევთანხმდებით, ხუმრობით წავშლით მზეს და კაცობრიობას გავანადგურებთ.

1 Response to 'ჩურჩულის სახლი'

  1. Unknown said...
    http://rel0ad.blogspot.com/2012/11/blog-post.html?showComment=1545164979295#c194970986699203551'> December 18, 2018 at 12:29 PM

    Bad trip bro?
    My greatest fear 🤣🤣

     

Post a Comment