თავჩაღუნული მივდიოდი. რაღაცაზე ვფიქრობდი, თითქოს რაღაც მაწუხებდა. ვერ ვიტყვი რა, ალბათ ის, რომ ფიქრი ვერაფერს მოვდე. ბილიკს ვხედავდი - გზას, ირგვლივ კარგად მოვლილ მწვანე მიწას. კარგი ამინდი იდგა, მაგრამ მოწმენდილ ცას რაღაც სჭირდა. იგი იყო თეთრი. ვერ ვხვდებოდი რა იყო ეს და იყო თუ არა ეს საერთოდ ცა... ნივთს ან შენობას უფრო ჰგავდა. ძალიან შორს დადგმულს, მაგრამ ცასავით უსაზღვრო სიდიდისას... ცისტერნას, ხომალდს თუ ბომბს, ზუსტად ვერც ამას ვიტყვი. ეს ბომბი მოქმედებდა ჩემ განწყობაზე. იგი უცხოპლანეტელების ხომალდსაც ჰგავდა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ ის ადამიანებმა ააგეს ჩემთან ერთად და თეთრად შეღებეს. საფუძველი არ ჩანდა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ მიწაზე იდგა. ნელ ნელა ვიხსენებდი ზემოთ ასასვლელ კიბეებს, სუფთა ოთახებს, მოფუსფუსე ხალხს. მათი შრომა ამ ბომბის ზრდას ემსახურებოდა.
კიდევ ერთხელ შევეცადე მთლიანად დამენახა უზარმაზარი თეთრი ვეშაპის მოყვანილობის საოცარი კონსტრუქცია და მე მივხვდი რა იყო მისი სახელი. ჩემთვის გავიფიქრე "ღმერთი" და ისევ ბილიკს გავყევი. მე მას ვიცნობდი, ბევრი მქონდა მასთან საერთო, ოღონდ ეს იყო - ვერ გადამეწყვიტა წავსულიყავი მისკენ თუ არა. დიდხანს ვიარე, ბომბის სიდიდე არ შეცვლილა. ვერ ვიტყოდი რომ დავშორდი, ვერც იმას რომ მივუახლოვდი. საით მივდივარ?! არ ვიცი როდის დავიწყე - აღმოვაჩინე ჩემ თავს ველაპარაკებოდი, რაღაცას ვუმტკიცებდი, ირგვლივ ვეღარაფერს ვამჩნევდი. კაცმა რომ თქვას არც არაფერი იყო საინტერსო. მხოლოდ ეს ცარიელი დიალოგი - მენტალური მასტურბაცია.
ნელ ნელა ვხვდებოდი ბილიკი არსად მიმიყვანდა. იგი ზღვარზე გადიოდა. კარგად მოვლილი კოინდარიც "ღმერთს" ეკუთვნოდა. მხოლოდ ბილიკი იყო ნეიტრალური ზონა. ბევრი ველაპარაკე ჩემ თავს თუ ცოტა, ერთ უცნაურ ადგილზე აღმოვჩნდი. მოუვლელი ზოგან გამხმარი ბალახებით დაფარული მიწურის ჩასასვლელის ირგვლივ მიმზიდველი - თავისუფალი სიველურე შეიმჩნეოდა, მართალია, ამ შეგრძნებას ადვილად მოსპობდა ჩემი უკან შემობრუნება და ცისკენ ახედვა, მაგრამ ეს არ მანაღვლებდა, რადგან მე არ ვაპირებდი ამის გაკეთებას. მიწურში ჩავედი და რას ვხედავ! ადამიანები! არც თუ ისე ახალგაზრდა, მაგრამ სასიამოვნო გარეგნობის ქალი, როგორღაც დავასკვენი, რომ დიდი ტანჯვა ჰქონდა გამოვლილი, მიუხედავად ამისა ისე დაეხვეწა ღიმილის ხელოვნება, რომ ნებისმიერ რობოტს სიცოცხლის ხასიათზე მოიყვანდა. მან გამიღიმა. ვერ ვიტყვი ვინ იყო იგი ჩემთვის. ნათესავი? ჩემი სისხლის და ხორცის ნაწილი? წარმოდგენა არ მაქვს, რატომ ვგრძნობდი მისადმი ასეთ კავშირს. გამიღიმა მერე დანარჩენებისკენ შებრუნდა, ადამიანები, რაღაც შავ ძონძებში ჩაცმული მხიარული ტიპები, ისეთი ცოცხალი სახეებით იდგნენ, გეგონებოდა დიდი ზეიმი ჰქონდათ, თუმცა სუფრა და სასმელი არსად ჩანდა. უხეშად, მაგრამ გარკვეული მიმზიდველობით შესრულებული უცნაური ხის სკულპტურები ელაგა კედლის თაროებზე. ეს ადგილი პირველად ვნახე, მაგრამ ვგრძნობდი რომ აქ ყველა ჩემიანი იყო. მთელი ეს დრო რომლის გაზომვაც მე არ შემეძლო, ისინი მენატრებოდნენ და ეხლა მათთან აღმოვჩნდი. უცებ ქალის ხმამ გამომაფხიზლა მან სხვებს მიმართა - "იგი მოვიდა!" და ჩემზე მიუთითა. ყველა აღფრთოვანებით შემომცქეროდა. ქალმა ხელი მომკიდა ჩემი გაკვირვებული სიფათის დანახვაზე კიდევ უფრო ღრმააზრივნად გაიღიმა, თვალების მეშვეობით მითხრა რაღაც რისი გადმოცემაც სიტყვებით ძალიან ძნელია. მე ეს ასე გავიგე: "ნუ მკითხავ სახელს, აქ ჩვენ ამას არ ვაკეთებთ". მერე ქვემოთ ჩავედით, მიწისქვეშეთის დარბაზებში და ლაბირინთებში მიწის სურნელი, აქაურთა შინაარსიანი გამოხედვა და სიცილი, რაღაც აუხსნელი ბნელით მოცული იმედით მავსებდა. აშკარა იყო, რომ ამ ადამიანებისთვის უცხო არ იყო მეცნიერება და პროგრესი, მაგრამ ისინი ცოდნას რაღაც საოცარ ენერგიად აქცევდნენ, რომელიც არანორმალურად მიზიდავდა, უსაზღვრო სიხარულით და აღფრთოვანებით მავსებდა. ვფიქრობდი, რომ გავგიჟდი ჩუმად ვზეიმობდი - არ ვიცი რას. გადავცდი ყველა საზღვარს მიუხედავად ამისა თავს ზებუნებრივად ვაკონტროლებდი. დამხვდურებს სათითაოდ თვალებში ვუყურებდი და ჩემ შეშლილობას ზრდილობიანი თავის დაკვრით და ოდნავშესამჩნევი ღიმილით ვაჩვენებდი. მერე რაღაც ხმები გავიგონე. ისინი დამელაპარაკნენ მათ ის მითხრეს, რასაც ველოდი, რასაც ადრე ჩემ თავს მარტო ვუმტკიცებდი, სხვებმაც ეს მითხრეს ეს აღარ იყო ხმა ჩემი თავის შიგნით.

0 Responses to 'GodRoket'

Post a Comment