ეს იყო ნაპირი, საღამო, უფრო სწორად ღამე, ცაზე არ იყო ღრუბლები მაგრამ იგი იყო ნაცრისფერი. წყალი შავი, ნაპირი ბეტონის. ჩვენ ველოდით მე და დედაჩემი ან ვიღაც ვინც მე ხელით მატარებდა. ველოდით ხომალდს რომელიც სიღრმიდან ამოყვინთავდა მარადისობის სადგურზე. თვალს არაფერი ახარებდა არც ერთი ფერი ყველაფერი სადა და ხელოვნური ოღონდ დიდი ხნის მიტოვებული. თუმცა ძნელია იმ ხელის წარმოდგენა რომელსმაც ეს სადგური ააგო. იგი იყო გრანდიოზული ან მე ვიყავი ძალიან პატარა, ალბათ მიკროსკოპული. ჩანდა ვერც დრო და ვერც მშვიდი წყალი ვერ მოქმედებდა ამ ბეტონის ნაპირის სწორ კუთხეებზე. როგორც ჩანს აქ ბუნება დამარცხებულა. ჰაერი სუფთა და გამჭვირვალე როგორც წყალი. უბრალოდ ბეტონის ნაპირი და ბნელი სიღრმე ხდიდა მას შავს. ლოდინი იყო სიმშვიდის მომგვრელი არაფრის იმედი არავითარი რწმენა. იცი რომ ხომალდი მოვა. მხოლოდ ის მაკვირვებდა რა მიზნით არსებობდა ასეთი სადგური. ვინ შეიძლება იყოს ის ვინც აქ ელოდება? ვინ ვარ მე? თავიდან დავაპირე გამომეცნო შენობის სიმაღლე, საიდანაც გამოვედი და ნაპირზე ხომალდს ველოდებოდი. ეს გრანდიოზული კვადრატი ნაცრისფერ ცასთან შეერთებულიყო და თვითონვე წარმოადგენდა რაღაც სტიქიას. არაბუნებრივს ზიზღისმომგვრელს და ერთფეროვანს. მხოლოდ მისი გრანდიოზულობა და დროზე გამარჯვების შესახებ მინიშნებები მიცვლიდა სუნთქვის რითმს. ადგილი იყო აბსოლუტურად უკაცრიელი. აშკარად ვიღაცის ბრძანებებით ვმოქმედებდი. ოღონდ მბრძანებელს არ ქონდა არც ფორმა არც სახე, არც ბრძანებები წარმოადგენდა რამე გარკვეულს. ერთი იყო, უკან დაბრუნება ვერაფრით წარმომედგინა. უკან ყველაფერი ნაცნობი და ყელში ამოსული იყო, არ ვიცი რას შევადარო ეს გრძნობა. ამის გაგებას ალბათ მხოლოდ დიდი ქალაქების უფულო და მოხუცი მეძავები თუ შეძლებენ. მოკლედ მე ველოდი. ერთი ვიცოდი, რომ აზრი არ ქონდა იმაზე ფიქრს თუ რას ველოდი და აი! წყლის ზედაპირი ათუხთუხდა შეინძრა, საზიზღარი გამომეტყველებით გავიღიმე ჰოი რა ნაცნობი იყო ყოველივე, ვინ იცის უკვე რამდენჯერ მენახა ეს მოვლენა. გამოჩნდა ხომალდიც ჯერ მისი ზურგი მერე მრგვალი ფანჯრები, ზუსტად იქ ამოყვინთა ბეტონებს შორის სადაც უთვალვჯერ ამოუყვინთავს. მშვიდი დარწმუნებული ნაბიჯით გავემართე შესასვლელისკენ, სხეულმა თვითონ იცოდა ყველა მოძრაობა რომელთა მეშვეობითსაც მის შიგნით აღმოვჩნდი. თავში ისევ გამიელვა “ვინ ვარ მე?” და არ მიცდია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ერთი ვიცოდი ზუსტად: უკვე აღარ ღირდა, რომ სარკეში ჩამეხედა. ეს დამიკარგავდა სიმშვიდეს, რომელიც აუცილებელი იქნებოდა მომდევნო ჯერზე ამავე სადგურზე ლოდინისას. ხომალდმა ჩაყვინთა შავ წყალში. აქ მქონდა არჩევანი ილუმინატორიდან მეთვალირებინა შავი წყლის ურჩხულების ბინძური, ვერცხლისფერი კანი, ან თავზე ჩამომეცვა სპეციალური ჩაფხუტი და მენახა სიზმრები: სიცოცხლეზე, მზის სხივების სითბოზე, მწვანე ბალახზე, ლურჯი ზღვის ხმაურზე და ცისარტყელაზე. კიდე შემეძლო ბუნებრივად დამეძინა და ის დამსიზმრებოდა რისი განსაზღვრაც წინასწარ შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ ვერაფერი შეცვლიდა იმას, რომ მომდევნო ჯერზე იგივე სადგურზე უნდა დავლოდებოდი იგივე ხომალდს და ეს არ იქნებოდა მოულოდნელი, არც სასაცილო, არც სატირალი, არც საწყენი არც ხალისის მომგვრელი.