(ზომბი იგივე მოზამბიკის ტელევიზია იგივე ზომბიტრონი. ჩვენი ძმა და მეგობარი, ზოგადი პრინციპის ორგანოს მეცნიერ მუშაკი და თვითონ ორგანო. ისევე, როგორც ჩვენ კარგად აცნობიერებს თავის მისიას. წაიკითხეთ დებო და ძმებო - წინ ევოლუციისკენ!)

1. პირველმა რევოლუციამ რომელიც პირდაპირ ეთერში ტრანსლირდებოდა ტელევიზორით და რეალობის ტოტალური გარდასახისკენ იყო მიმართული – შექმნა პრეცენდენტი სადაც სინამდვილე საერთოდ გაუჩინარდა, როგორც მირაჟი. ერთადერთი რაც ჩვენ შემოგვრჩა არის 25 ცალი კადრი, რომელსაც დეჟავიუს სახით ამეორებენ სპექტაკლის მედია-ქრონიკებში. 1968 წლის საფრანგეთის რევოლუცია, რომელიც სექსის, ნარკოტიკების და როკენროლის სახით მოედო მსოფლიოს და კულტურის განადგურება სურდა – სხვა მიზეზებთან ერთად, ახალი მედიების უეცარ მუტაციას შეეწირა და ამით სათავე დაუდო შოუ-ბიზნესის და მედიაკონტროლის ახალ სახეობებს. როგორც წინა საუკუნის ერთერთი ყველაზე საინტერესო ლოთი და რევოლუციონერი გი დებორი წერდა – რეალობა გადაიქცა სპექტაკლად, რომელიც უსასრულოდ გრძელდება და თავისთავს იმეორებს. რეალობა გადაიქცა რეალობის რეპრეზენტაციად მასობრივ საშუალებებში. რეალობამ “ჩაიხვია” როგორც მაგნიტურმა ლენტამ. რევოლუციის დროს მედია “მიხვდა” რომ ფაქტებისგან გაქცევას და აღშფოთებას გაცილებით ჯობდა მათი დაცლა ნამდვილი შინაარსისგან და შემორჩენილი ფორმის შეფუთვა სხვადასხვა მომხმარებლური ერთდღიანი ინტერესებით, მარტივად რომ ვთქვათ, მედია “მიხვდა” რომ ნებისმიერი, ყველაზე რადიკალური ბუნტიც კი მშვენიერი პროდუქტია კაპიტალიზმის პროლეტართა მოწყენილი მასებისთვის.

2. "ასე დამთავრდა 1968 წლის რევოლუცია ხელფასების 10 პროცენტიანი გაზრდით – მონა-ლიზა ჯოკონდას განადგურების ნაცვლად. ყოფიერების ტოტალური მისტიფიცირების ნაცვლად" კი დარჩა რამდენიმე lifestyle, არტ-ვიზუალი და სოციალურად მომგებიანი მინი-რელიგია, შინაარსისგან დაცლილი პროდუქტი – სინამდვილე. არაფერს ვამბობ ვიეტნამზე, სპარსეთის ყურეზე და ცივ ომზე. ეს იყო დრო როდესაც მედია გადაიქცა რეალობის თითქმის ერთადერთ წყაროდ და კალაპოტად.

3. XIX საუკუნეში დასავლელმა თეთრმა ადამიანმა მოკლა ღმერთი და ვინაიდან ის იყო ხატი ღმრთისა, გაუცნობიერებლად მან სუიციდიც ჩაიდინა. “ღმერთის სიკვდილთან ერთად მოკვდა ადამიანიც”. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ კი ამ მოვლენებმა გამოიწვია რეალობის (ადამიანის საცხოვრებლის) კოლაფსი. იქ სადაც ადრე იყო რეალობა გაჩნდა დიდი შავი ხვრელი. სულიერი კრიზისი. ყოფიერების აუტანლობა. მსოფლიო ომი. არსებებმა რომლებიც უკვე არ იყვნენ ადამიანები შექმნეს არსება რომელიც უკვე არ იყო ღმერთი და დაალაგეს სატელევიზიო პავილიონი. ის რასაც დღეს ქვია – რეალობა – ტყუილია. ამიერიდან არ არსებობს რეალური, არსებობს მხოლოდ რეალურის იმიტაცია და ამ იმიტაციის იმიტაციები და ასე უსასრულოდ.

4. სიზმრები გაცილებით რეალურია ვიდრე რეალობა – წერდა ლი. ეს მოძრავი ნახატები ჩვენი დროის ყველაზე რალური რეალობაა – წერდა ცნობილი რეჟისორი კინოს შესახებ. ცხენებისმოყვარული მსუქანა წერდა – ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც რეალობის ფაბრიკაციებს განუწყვეტლივ ამზადებენ მასმედია, მთავრობები, კორპორაციები, პოლიტიკური ჯგუფები – ხოლო ელექტრონულ მანქანებს გადააქვთ ეს ფსევდო-სამყაროები უშუალოდ მკითხველის, მაყურებლის, მსმენელის ცნობიერებაში. კეთილი იყოს შენი მობრძანება რეალობის უდაბნოში – ეუბნება მორფეუსი ნეოს.

5. რეალობა ხელოვნური კონსტრუქციაა. ის იქმნება მეცნიერული თეორიების, სამოქალაქო კანონების, მსოფლიო კაპიტალის და მოწინავე ქვეყნების პოლიტიკური მიზნების გადაკვეთაზე. ანუ იმისათვის რომ ეს კონსტრუქცია, ეს სპექტაკლი შედგეს საჭიროა თანხმობა, საჭიროა როლების გადანაწილება, საჭიროა სცენარი. სწორედ ამ სცენარს და ამ თანხმობას ქმნის – მასმედია და უკვე მერე -- დაინტერესებული პირების იარაღი და კაპიტალი. შუასაუკუნეების ინკვიზიცია შეცვალა მედია ინკვიზიციამ. მედია ინკვიზიციაში იგულისხმება სპექტაკლის დისკურსი, რეალობის ანი და ჰოე, რომლის გარდა და რომლის იქით – არაფერი არსებობს. თუ შენ არ ჯდები ამ დისკურსში – შენ უბრალოდ არ არსებობ. და ვერანაირად დაამტკიცებ რომ არსებობ. წერტილი. მე არ ვამტკიცებ რომ ყველა მედია გაცნობიერებულად ებრძვის ერეტიკოსს. ეს აბსურდია. მაგრამ ის რომ ყველა მედია გაუცნობიერებლად იცავს რეალობას – ფაქტია.

6. რეალობის ინსტიტუციონალიზაცია დროსა და სივრცეში ხდება სოციალური პროგრამირების შედეგად. ზოგადი ტრადიციების (“მართვა წარსულიდან”) საფუძველზე საგანმანათლებლო სისტემა, რელიგიური წარმოდგენები, მეცნიერება და სახელმწიფო ქმნიან ცალმხრივ კომუნიკაციურ სისტემას და აწარმოებენ გაუკრიტიკებელი ავტორიტეტების გრძელ სიას, რომელსაც შემდეგ “საზოგადოებრივი აზრი” ერქმევა. ეს ინსტიტუციები ქმნიან წარმოდგენებს სამყაროზე და გარკვეული საგნების თუ მოვლენების ინტერპრეტაციებს. ცალკეული პიროვნების თუ პიროვნებათა ჯგუფის პირადი ინიციატივა მისაღებია თუ ის ზერელეა ან თუ პირიქით აღრმავებს ამ პროცესებს ან ინტრიგა შემოაქვს და არ ემუქრება ინსტიტუციების თუ ამ ინსტიტუციებზე მიმაგრებული ადამიანების პრესტიჟს, მაგრამ საკმარისია პირადი ინიციატივა გადაიქცეს ჩამოყალიბებულ პირად ინტერპრეტაციად რომ მას აქრობენ ტერორიზმის ბრალდებით ან აქცევენ უწყინარ კომერციულ პროდუქტად შესაბამის თაროზე შესაბამის მარგინალურ თემატურ მაღაზიაში.

7. ჯონ ლილის ქონდა თეორია ადამიანის როგორც ბიოკომპიუტერის და პროგრამისტის შესახებ. წიგნში -- ადამიანური ბიოკომპიუტერის პროგრამირება და მეტაპროგრამირება -- ლილი წერს: ნებისმიერი ზრდასრული ადამიანი – დაპროგრამებული ბიოკომპიუტერია. წარმოიდგინეთ რომ თქვენ ხართ კომპიუტერი, ხოლო თქვენი ცნობიერება ამ კომპიუტერის -- პროგრამისტია. თქვენ გაგაჩნიათ ბაზისური მონაცემები, პროგრამები და ნაწილები რაც შეესაბამება ინსტინქტებს, გენებს და ფიზიკურ სხეულს, და ამის გარდა გაგაჩნიათ შეძენილი პროგრამები ამ კომპიუტერისთვის, რაც შეესაბამება ცხოვრებისეულ გამოცდილებას, შეძენილ ცოდნას, წარმოდგენებს და ა.შ. ადამიანი ანუ მეტა-პროგრამისტი წარმოადგენს სწორედ თანდაყოლილი და შეძენილი პროგრამების სინთეზურ მუშაობას. სწორედ თანდაყოლილი პროგრამების მოთვინიერებაზე და ახალი პროგრამების და სოფტის შექმნაზე და დანერგვაზე მუშაობს სოციალური პროგრამირება.

8. ლი წერდა სტუდიებზე სადაც მზადდება რეალობა. წარმოიდგინე ქარხნები: ჰოლივუდის რეალობისდამამზადებელი ქარხანა, დემოკრატიის სახელობის რეალობისგადამამუშავებელი ქარხანა. ალტერნატიული ქარხნები ქონდა საბჭოთა კავშირს. ერთნაირი რეალობის შაბლონები მილიონებისთვის. თუ არსებობს ტერმინი “მასმედია”, ამ შემთხვევაში თავისუფლად შეგვიძლია შემოვიტანოთ ტერმინი – მასრეალობა. ინფორმაციული ომის შედეგად ერთი იმპერია განადგურდა. დღესდღეობით გვაქვს ერთი დიდი ინფორმაციული სუპერმაგისტრალი, სადაც თავმოყრილია ყველაფერი რაც ქმნის ცნებებს კულტურა, რეალობა, ისტორია. კიდევ არსებობს ბევრი პატარა ლოკალური ინფორმაციულ-კულტურული მაგისტრალი რომელიც უერთდება დიდს და ასევე არსებობს ათასობით განსხვავებული პატარა რეალობის გვირაბი, თვითნაკეთი ქარხანა – ესენი არიან სექტანტები, სხვანაირად მოაზროვნე პიროვნებები და ბოროტმოქმედები.

9. ყველას ჩვენ გვყავს საკუთარი ბილ გეითსი – ძირითადი მონოპოლისტი პროგრამა საკუთარ ტვინში. იპოვე ეს პროგრამა. იპოვე მისი ავტორი. დაარესტარტე კომპიუტერი, მოკალი ბილი.

10. აქტუალური არტისტი -- სოციალური პროგრამისტია. ის მუშაობს ძველ და ახალ პროგრამებთან, სწავლობს მათ დაინსტალირებას, მათ გავრცელებას სპამის სახით სხვა ბიოკომპიუტერებში, გადაპროგრამებას.

11. დღეს გნოსტიციზმი ისეთი აქტუალური გახდა როგორც არასდროს. ამ ადრექრისტიანულმა მისტიკურმა მოძღვრებამ შეურყვნელი ტექსტების სახით მოაღწია სპექტაკლამდე. გარკვეული გნოსტიკური შეხედულებების მიხედვით არსებული სამყარო, რეალობა – ილუზიაა. ის შექმნა არსებამ რომელიც ამ სამყაროში დემიურგის, ღმერთის სახელითაა ცნობილი. ეს არის მატერიის და ილუზიის კოსმოსური ციხე, მარადიული იმპერია სადაც ჩვენ ტყვეები ვართ. ნამდვილი ღმერთი მათი აზრით იყო ნამდვილი რეალობა რომელიც ამ სამყაროს (წაიკითხე: ამ დისკურსის) საზღვრებს იქეთ მდებარეობს და ნებისმიერი მცირედი შეხებაც კი დემიურგის ნგრევას იწვევს. ნამდვილი რეალობა დემიურგის ბნელ სამყაროში ჩნდებოდა როგორც გნოზისი – ინფორმაცია ანუ ცოდნა. მხოლოდ გნოზისი გვიხსნის ტყვეობისგან მარადიულ იმპერიაში. (წაიკითხე: მედია სპექტაკლში).

12. გარკვეული სექტები ცდილობდნენ დაეჩქარებინათ აპოკალიფსი და ხელი შეეწყოთ იმპერიის ნგრევისთვის. ამისთვის არსებობდა ორი გზა: აბსოლუტური ასკეტიზმი (ანუ აბსოლუტური პროტესტი და უარი ამ სამყაროსთან კონტაქტზე, მისი არ აღიარება) და აბსოლუტური გარყვნილება (ყველანაირი სახის გარყვნილება, ბოჰემა, ყვეალფრის ხელის შეწყობა რაც ანადგურებს მატერიას და შლის მას). მოდით ვისაუბროთ განადგურებაზე.

13. აქტუალურია ხელოვანი რომელიც თავს აღწევს კლასიკურ დეფინიციებს, როლურ გადანაწილებას და ლიტერატურულ კუბოებს. და ახალ ტექნოლოგიებს ისე იყენებს როგორც დავინჩი ფუნჯს ან კაზანოვა სასქესო ორგანოს. საინტერესოა ხელოვანი რომელიც ლოცულობს. გნოსტიკური მიდგომა ახლოსაა ბევრ ახალ ხელოვანთან იმიტომ რომ ექსპერიმენტალური არტი დაფუძნებული ახალ მედია ტექნოლოგიებზე სწორედ ის ავანგარდული სფეროა, საიდანაც დიდი და პატარა ქარხანები ეზიდებიან მასალებს საყოველთაო რეალობების დასამზადებლად.

14. ახალი ხელოვანი როგორც კულტურული კოდების ჰაკერი რეალობის სიღრმეში შედის. აქედან მისი ორმაგი ფუნქცია: ერთისმხრივ ის ეკონომიკურად მომგებიანი, კრეატიული და ახალი მასმედიების პოტენციური კონსტრუქტორია, მეორეს მხრივ ის ტერორისტია შაჰიდის ქამრით, მასმედიური შეტყობინებების დეშიფრატორი და მასალა ბევრი ალტერნატიული კერძო გვირაბისთვის. ორივე შემთხვევაში ის თამაშობს.

15. ამიტომაც ახალ ხელოვანს ჩვენ განვსაზღვრავთ როგორც გამოცდილ გეიმერს.

16. ახალი ხელოვანი მოუხელთებელია როგორც რემბო 4, ტოლერანტულია როგორც დედა ტერეზა, ხოლო მისი რისხვა ალაჰის რისხვაა ძველი ხელნაწერებიდან.

17. ახალ ხელოვანს ჩვენ განვსაზღვრავთ როგორც ლაბორატორიის მუშაკს, რომელიც ამზადებს რეალობის და არყოფნის ახალ ფორმულებს, ასინთეზირებს შეუთავსებელ ცნებებს და გამოყავს ახალი მენტალური ვირუსები რომლებიც საჭირო ფსიქო-სოციალურ კონფლიქტებს იწვევენ ლიტერატურაში, მედიაში, შენს სამზარეულოში.

18. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რეალობა ცათა სასუფეველს გავს და ის ძალის დახმარებით უნდა დაიბრუნო.

19. ნინი ჯუღაშვილს ქონდა შემუშავებული “პასიურად აგრესიული” პრატიკა ცალკეული ტიპაჟებისთვის. ეს პრაქტიკა როგორც ბევრი სხვა, მოყვარულზეა და გულისხმობს სიზმრების, ნარკოტიკების და იარაღის რეგულარულ, 24 საათიან სინთეზს ერთი პიროვნების ყოველდღიურობაში.

20. ყველა სისტემას გააჩნია სუსტი წერტილი. სიზმრები, მას შემდეგ რაც შენ შეძლებ გახადო ისინი არაკონტროლირებადი – შენში სოციალურად ჩაპროგრამებული სისტემის ყველაზე სუსტი წერტილია. არსებობს სიზმრების შემსწავლელი ახალგაზრდა მეცნიერება – ონეირონავტიკა. პიროვნება სწავლობს და უღრმავდება საკუთარ სიზმრებს. ნარკოტიკები – თანამედროვე ცივილიზაციის არალეგალური საფუძველია. ნარკოტიკები არის ის მითოსური ძველბერძენი რომელსაც თავისი მხრებით უჭირავს ზეცა და ამით იცავს სამყაროს ნგრევისგან. ცივილიზაცია იკვებება ნარკოტიკებით და მეხივით ეშინია მათი. ნარკოტიკებით შეიძლება დაკარგო რეალობა, მაგრამ იგივე ნარკოტიკების გამოყენებით, სწორი მიდგომის შედეგად - შეგიძლია დაიბრუნო რეალობა. ფილიპე თვლიდა რომ ნარკოტიკები ის ბლიცია, რომლითაც დემიურგის ყალბ სამყაროში აღწევს ნამდვილი სინათლე. “არალეგალური კოსმონავტიკის სახელმძღვანელოში” წერია: არალეგალური კოსმონავტი პირადად სწავლობს ყველა ნარკოტიკს. მ ან იცის რომ ნარკოტიკები კოსმოსმა გვაჩუქა, ხოლო უმეცრებამ და სიხარბემ გადააქციეს ის ადამიანური დეგრადაციის ინსტრუმენტად.

21. იარაღი – როგორც მაკიაველი წერდა უაიარაღო წინასწარმეტყველები ყოველტვის წაგებულები რჩებიან. ტოტალური პოლიტიკური და მისტიკური ომის პირობებში ნებისმიერი აქტუალური ხელოვანი შეიარაღებულია.

22. არსებობს ფსევდო-რეალობის განადგურების ბევრი სხვა პრაქტიკაც — ბოიკოტი, იზოლაციონიზმი, ბურჟუაზიული სისტემების კონტრანალოგების შექმნა, ონტოლოგიური ანარქიზმი, არატრადიციული მეცნიერული თეორიები, რადიკალური ტერორიზმი, შიზოანალიზი, კონსპიროლოგია, არანორმალური მედია-ვირუსები (შეუთავსებლის შეთავსება. მაგ. ისლამი + უცხოპლანეტელები + მართლმადიდებელი ჩინელი მღვდლების კონტექსტიდან ამოღებული ფრაზები ერთ ლამაზ მოძღვრებაში) და ა.შ. სხვა დროს და სხვა ადგილას ჩვენ შევეხებით ყველა ამ პრაქტიკას.

23. რეალობის განადგურება პირველი ნაბიჯია საკუთარი თავის შეცნობისკენ. საკუთარი თავის განადგურებით კი ჩვენ შევძლებთ შევეხოთ ქსოვილს, რომლისგანაც გაკეთებულია – ცა.

(C) ევრაზიული სამიზდატი "ქინძაძა"

0 Responses to 'რეალობის განადგურება (მოკლე თეზისები ახალი მითოლოგიისთვის) (C) ევრაზიული სამიზდატი "ქინძაძა"'

Post a Comment